რაგბი

0:45 | 20.05.2016 | ნანახია 741 - ჯერ

მინისტრი სარაგბო კლუბ „ბაგრატს“ ესტუმრა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 18 მაისს, ქუთაისში სარაგბო კლუბ „ბაგრატს" ესტუმრა. ამ კლუბმა ახლახანს მოიპოვა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება. მინისტრმა კლუბი რაგბის ბურთებით დააჯილდოვა.

„პირველ რიგში, მსურს თქვენს კლუბს უმაღლეს ლიგაში მოხვედრა მივულოცო! პატარა გუნდისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონშიც ისეთივე აღმაფრენით ითამაშებთ, როგორც პირველ ლიგაში ახერხებდით.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელით გპირდებით, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ქართულ სპორტს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ქართული რაგბის განვითარებას", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ახალგაზრდა მორაგბეებთან საუბრისას.

მინისტრმა კარსმომდგარ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებაზეც ისაუბრა - საქართველო გაისად ახალგაზრდულ მსოფლიო თასს მასპინძლობს. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში რაგბის კავშირის ღვაწლიც აღნიშნა.

მინისტრთან ერთად სარაგბო კლუბი „ბაგრატი" მინისტრი მოადგილე შალვა გოგოლაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა პაატა ნადირაძემ და გიორგი ჭიღვარიამ, ასევე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოინახულეს.

„აქამდე ქუთაისი უმაღლეს ლიგაში ერთი გუნდით, „აიათი" იყო წარმოდგენილი და ახლა კლუბმა „ბაგრატმაც" მოიპოვა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა მივულოცო ყველას ეს წარმატება! - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

„ბაგრატის" მონახულების შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მოადგილე ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე შეხვედრას დაესწრნენ „ქუთაისსა" და თბილისის „დინამოს" შორის, მოგვიანებით კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ესტუმრნენ, სადაც ბოლნისის „სიონმა" და „დინამო თბილისმა" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი გაითამაშეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.112833
741