კალათბურთი

0:23 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ჯეიმსი საქართველოს ნაკრებში?

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერის რანგში, სავარაუდოდ, ესპანური “ლაბორალ კუჩას” 25 წლის უკანახაზელი მაიკ ჯეიმსი (სიმაღლე 185 სმ.) დაეხმარება. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

აღნიშნული ცნობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამაც დაადასტურა: “თუკი ჯეიმსი “ლაბორალ კუჩაში” დარჩება, კონტრაქტში პირდაპირ ჩაიწერება, რომ საკლუბო კარიერის პარალელურად, ის საქართველოს ეროვნულ გუნდშიც ითამაშებს. ჯეიმსმა ევროლიგაში და “ოთხთა ფინალში” არაერთი შეხვედრა ჩაატარა და მტკიცებაც კი არ უნდა, რომ მაღალი კლასის კალათბურთელია”.

ჯეიმსის საქართველოს ნაკრებში შესაძლო ჩარიცხვას მიესალმა “ლაბორალ კუჩაში” მისი ქართველი თანაგუნდელი თორნიკე შენგელიაც. “ჩემი აზრით, მაიკი ძალიან კარგი მოთამაშეა და საქართველოს ნაკრებს ნამდვილად გამოადგება. აღსანიშნავია, რომ გამთამაშებლის პოზიციაზე, მას ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს. იმედია, მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება და ჯეიმსი ჩვენს ნაკრებს დაეხმარება”.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ქართველი კალათბურთელების მხარდამხარ ჯეიკობ პულენი თამაშობდა, თუმცა, ამერიკელს ევრობასკეტ-2015-ზე ის სარგებელი არ მოუტანია, რასაც მისგან ელოდნენ.

რაც შეეხება ჯეიმსის სტატისტიკურ მაჩვენებელებს. მიმდინარე სეზონში ესპანურ ლიგაში მას 33 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 20 წუთში 10.0 ქულას, 1.9 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებს. მაიკმა ბოლო მატჩი გუშინ მადრიდში “რეალის” წინააღმდეგ ჩაატარა და 15 წუთში 17 ქულა ჩააგდო. ევროლიგის 29 მატჩში ჯეიმსი მოედანზე საშუალოდ 21:13 წუთს ატარებდა, მისი მონაგარი კი ასეთი გახლდათ: 10.0 ქულა, 2.6 მოხსნა, 2.7 პასი.

0.113236