შოთა აფხაზავა და მისი გუნდი „არტლაინ ჯორჯია“, „ბლანპენ“ „ლამბორგინი“ სუპერ ტროფეოს ევროპულ სერიაში ასპარეზობას აგრძელებენ. გასულ უქმეებზე, სერიის მეორე ეტაპს (ექვსიდან) ბრიტანეთის სილვერსტოუნმა უმასპინძლა, სადაც ორი რბოლა გაიმართა. „არტლაინ ჯორჯიას“ პროფესიონალების კატეგორიაში ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი წარმოადგენდა, რომელმაც მონცას რბოლები მესამე და მეოთხე ადგილებზე დაასრულა. მოყვარულების კატეგორიაში კი თავად შოთა აფხაზავამ იასპარეზა.
შლეგელმილხს ამჯერადაც ჰქონდა კარგი შედეგის შანსი, მაგრამ სამწუხაროდ, საკუთარი შეცდომების გამო, ის ვერ გამოიყენა. პირველი რბოლა მე-10 პოზიციიდან დაიწყო, თუმცა ბოლო წრეზე, ირლანდიელი რაიან კალენის გასწრებით, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. მაგრამ ბოლოსწინა მოსახვევში, ინციდენტი შეემთხვა, რომლის დროსაც, მანქანა დაუზიანდა და იძულებული გახდა, ბოლო მოსახვევის წინ, პიტლეინისკენ გადაეხვია. შესაბამისად, რბოლა პიტლეინზე დაასრიულა და ამის გამო, კლასიფიკაციაში ვერ მოხვდა.
აფხაზავამ პირველი რბოლა 23-ე პოზიციიდან დაიწყო, რბოლის მიწურულს, მოყვარულებში მეორე იყო, მაგრამ პიტ სტოპის შესრულებისას დაშვებული შეცდომის გამო, პიტლეინზე უქმედ გასვლამ მოუწია და საბოლოოდ, 22-ე ადგილს (თავის კლასში მე-7) დასჯერდა.
შლეგელმილხმა მეორე კვალიფიკაციაზე მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირა, რის გამოც, სტარტი წინა რიგიდან აიღო, მაგრამ პირველივე წრეზე, ხორვატ მრტინ კოდრიჩთან შეჯახება მოუვიდა, ვინც მის გასწრებას ცდილობდა. მართალია, შლეგელმილხმა გზის გაგრძელება შეძლო და ერთხანს მესამე ადგილზეც კი ყო, მაგრამ მის მანქანას უკანა მარჯვენა ბორბალი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც, ლატვიელს ბოქსებში შესვლა დასჭირდა. პარალელურად, სხვა ინციდენტებიც მოხდა, რის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. და სანამ ის პელოტონს უძღვებოდა, ლატვიელი პილოტი რბოლას დაუბრუნდა. შემდგომში მან იმდენი მოახერხა, რომ ფინიშის ხაზი მე-14 პოზიციაზე გადაკვეთა.
აფხაზავამ სტარტი 21-ე პოზიციიდან (თავის კლასში მე-4) აიღო და ფინიშთანც ზუსტად იგივე პოზიციაზე მივიდა. კლასშიც მეოთხე ადგილი დაიკავა.
პირველი რბოლა დანიელი დენის ლინდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც სტარტიც პოულიდან აიღო. ეს ამ სეზონში მისი მეორე გამარჯვებაა. პირველს მონცაზე მიაღწია. მანვე მეორე რბოლაც პოულიდან დაიწყო, თუმცა ლიდერობა ვერ შეინარჩუნა - რბოლის მეორე ნაწილში, წრეზე ჩამორჩენილთან, მისი გასწრებისას კონტაქტი მოუვიდა და რამდენიმე პოზიცია დაკარგა. ფინიშთან პირველი კი იტალიელი ვიტო პოსტილიონე მივიდა, ვისთვისაც ეს პირველი გამრჯვებაა.
სეზონის მესამე რბოლას საფრანგეთის პოლ რიკარის ავტოდრომი 24-26 ივნისს უმასპინძლებს.







