აზერბაიჯანში მთავრდება 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. დარჩა ფინალი: ესპანეთი-პორტუგალია. გადამწყვეტი შეხვედრა 21 მაისს გაიმართება ბაქოში.
ესპანეთმა მეოთხედფინალში ინგლისს (1:0), ხოლო ნახევარფინალში გერმანიას (2:1) აჯობა, ხოლო პორტუგალიამ მეოთხედფინალში 5:0 გაანადგურა ავსტრია, მერე კი ჰოლანდიას 2:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს არც ჯგუფში გაუშვიათ გოლი, დამაჯერებლად, ერთი ამოსუნთქვით გავიდნენ ფინალამდე.
საუკეთესო ბომბარდირიც პორტუგალიელია: ჟოზე გომეშმა განვლილ 5 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
სანამ ფინალური ეტაპი დაიწყებოდა, ელიტ-რაუნდის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპი თბილისში გაიმართა და ქართველი 17-წლამდელები ბოლო ადგილზე გავიდნენ. ჩვენი ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური იტალიამ და ბოსნიამ მოიპოვეს. ფინალურ ეტაპზე იტალიაც და ბოსნიაც ჯგუფში ჩარჩნენ, მეოთხედფინალს ვერ უწიეს.