ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე მე-12 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა, თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ კი თანაბარ ბალანსზე გასვლა მოახერხა.
დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-9 მაეგაშირა დაიეიშოს ცურიდაშით სძლია და 3 მოგების წილ მე-9 გამარჯვება იზეიმა. ქართველი სეკიტორის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტოკოშორიუ იქნება, რომელსაც უარყოფით ბალანსამდე ერთადერთი მარცხი აშორებს და ცხადია, მაქსიმალურად დაიხარჯება.
6 მარცხის ფონზე მე-6 მოგება მიითვალა აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე გაგამარუმ. ქართველმა “გოლიათმა” აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკანოივას ოშიდაშით აჯობა, შემდეგ ორთაბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა სადანოუმისთან ჩაატარებს. იოლი გამოსათვლელია, რომ ჯუღელს კაჩი-კოშისთვის დარჩენილი 3 შერკინებიდან ორის მოგება მართებს.
ნაცუ ბაშოს მოგების უმთავრეს კანდიტატებად კვლავაც იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო რჩებიან, რომელთაც მაქსიმალური შედეგი (12 მოგება) აქვთ. მათ 2 გამარჯვებით იოკოძუნა ჰარუმაფუჯი ჩამორჩება, შემდეგ კი უკვე, 9-9 მოგებით იოკოძუნა კაკურიუ და რიგითი მაეგაშირები ტოჩინოშინი და ენდო მოდიან.
ნაცუ ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 3:12-დან, ტოჩინოშინის - 4:19-დან