ევროპა ლიგის 2015/2016 წლების სეზონის ფინალურ მატჩში “სევილიამ” ბაზელში “ლივერპული” დაამარცხა და აღნიშნულ ჯილდოს ზედიზედ მესამედ, სულ კი – მეხუთედ დაეუფლა.
მწვრთნელებს რაიმე სიუპრიზი არ შემოუთავაზებიათ და იმ შემადგენლობასა და ტაქტიკას დაეყრდნენ, რომელიც შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ნავარაუდები გახლდათ.
გუნდებმა შეხვედრა ძალიან ფრთხილად დაიწყეს და საწყის წუთებში ერთმანეთის დაზვერვით იყვნენ დაკავებულნი. ბურთს ძირითადად “სევილია” აკონტროლებდა, თუმცა მომენტების შექმნას სტუმრები ახერხებდნენ. მე-8 წუთზე ემრე ჩანმა შორიდან შეაწუხა დავიდ სორია, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო. სამ წუთში დანიელ სტარიჯი ემუქრებოდა “დალაქებს”, თუმცა სიტუაცია კარისომ განმუხტა, ხოლო 26-ე წუთზე ინგლისელ ფორვარდს უკვე სორიამ აჯობა.
მერსისაიდელები მარჯვენა ფლანგზე ძალიან აქტიურობდნენ, სადაც განსაკუთრებით ნათან კლაინი გამოირჩეოდა და ესკუდეროს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
“დალაქებმა” პირველი სახიფათო ეპიზოდი 32-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კევინ გამეირო მაკრატელა დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ ოდნავ ააცილა.
მომდევნო გააზრებული იერიში კი უკვე ინგლისელთა გოლით დასრულდა და ეს მთლიანად დანიელ სტარიჯის უმაღლესი კლასის დამსახურებაა, რომელმაც 35-ე წუთზე მოჭრილი დარტყმით ულამაზესი ბურთი გაუტანა დავიდ სორიას.
ცალკე საუბრის თემაა იონას ერიკსონის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები. “ლივერპულის” მოთამაშეები სამ ეპიზოდში მეტოქეზე ხელით თამაშის დაფიქსირებასა და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, საიდანაც ორ მომენტში ალბათ მართლებიც იყვნენ, მაგრამ შვედი მსაჯის სასტვენი დუმდა. გარდა აღნიშნული ფაქტებისა, ერიკსონმა მერსისაიდელებს გოლიც არ ჩაუთვალა, თუმცა ამჯერად მისი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.
არავინ იცის, თუ რა უთხრა უნაი ემერიმ საკუთარ შეგირდებს შესვენებაზე, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბასკმა სპეციალისტმა თავის გუნდს ძალიან სწორი რჩევები მისცა და მეორე ნახევარში მოედანზე სულ სხვა გუნდი გამოვიდა, რომელიც პირველ ტაიმში მოთამაშე გუნდისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა.
“სევილია” შეტევაზე პირველივე წამებში გადავიდა და დაახლოებით 25 წამში გაათანაბრა – მარჯვენა ფლანგზე მარიანომ გაილაღა, სადაც ალბერტო მორენო ძალიან იოლად გააბითურა და კარის გასვრივ დაბალი გადაცემა გააკეთა, რომელსაც კევინ გამეირო გამოეხმაურა და ცარიელ კარში შეაგდო.
გაშვებულმა გოლმა “ლივერპულზე” ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა, ხოლო ანდალუსიელებს პირიქით, ფრთები შეასხა და უფრო დიდი ძალებით შეუტიეს.
გამეიროს ორ წუთში დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ დარტყმა დააგვიანა და ბოლო წამს კოლო ტურემ ააცალა ბურთი. მე-60 წუთზე კი, ფრანგი ფორვარდი ახლო მანძილიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ ამჯერად სიმონ მინოლემ ითამაშა კარგად.
მოსახდენი მაინც მოხდა და 64-ე წუთზე ესპანელები წინ გავიდნენ: ვიტოლო-ბანეგას მშვენიერი კომბინაცია კოკეს უზუსტესი დარტყმით დასრულდა. “დალაქები” არც ამაზე გაჩერებულან და 6 წუთში კოკემ უკვე დუბლის შესრულება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ “სევილიას” კაპიტანს მთელ სეზონში 3 გოლი ჰქონდა გატანილი, საიდანაც 2 ესპანეთის თასზე სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ მოდიოდა. “სენტ იაკობ-პარკზე” კი, დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა.
იურგენ კლოპი შეცვლების ხარჯზე გარდატეხის შეტანას ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. “ლივერპული” ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და დარჩენილ დროში რეალური მომენტი საერთოდ არ ჰქონია.
“სევილიამ” კი, მთლიანობაში დამსახურებულად იმარჯვა და ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. შესაბამისად, ესპანეთს ზედიზედ მეორედ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 5 წარმომადგენელი ეყოლება.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული ყველა ევროტურნირს ესპანური კლუბები იგებენ. ევროპა ლიგაზე სამივე შემთხვევაში “სევილიამ” იმარჯვა, ჩემპიონთა ლიგა ჯერ “რეალმა” მოიგო, ხოლო შემდეგ “ბარსელონამ”. წელს კი, თასს “ატლეტიკო” ან “რეალი” მოიპოვებს.
ლივერპული – სევილია 1:3 (1:0) VIDEO
ბაზელი, “სენტ იაკობ-პარკი”
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ტურე (ბენტეკე 82), ლოვრენი, კლაინი, მორენო, მილნერი, ჩანი, ლალანა (ალენი 73), ფირმინო (ორიჯი 69), კოუტინიო, ბენტეკე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
სევილია (4-2-3-1): სორია, რამი (კოლოძიეჩაკი 78), კარისო, მარიანო, ესკუდერო, ნ’ზონზი, კრიხოვიაკი, ბანეგა (კრისტოფორო 93), ვიტოლო, კოკე, გამეირო (იბორა 89).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0 სტარიჯი (35), 1:1 გამეირო (46), 1:2;1:3 კოკე (64;70)
გაფრთხილებები: ლოვრენი, ორიჯი, კლაინი – ვიტოლო, ბანეგა, რამი, მარიანო
მსაჯი: იონას ერიკსონი