რუსი მძიმეწონოსანი ძალოსანი ალექსეი ლოვჩევი, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საოცარი შედეგებით ოქროს მედლის მფლობელი გახდა, მალევე კი დოპინგის კვალი აღმოუჩინეს, 4 წლით იქნა დისკვალიფიცირებული.
ქართველი ქომაგისთვის ინფორმაცია მით უფრო საინტერესოა, რომ ლოვჩევი მოახლოებულ ოლიმპიადაზე ქართველი ტალანტის – ლაშა ტალახაძის უშუალო კონკურენტად მოიაზრებოდა. შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასში გამართულ მსოფლიო პირველობაზე რუსმა ძალოსანმა ატაცში 211 კგ. დასძლია და ქართველს მხოლოდ 2 კგ-ით აჯობა, აკვრაში კი ერთბაშად 264-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ყველანი სახტად დატოვა.
მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ლოვჩევი ამგვარ საოცარ შედეგს (ჯამური 475 კგ.) აკრძალული პრეპარატების გარეშე ვერ დააფიქსირებდა. შეჯიბრის დასრულებიდან ორიოდ თვეში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ალექსეის სისხლში დოპინგის კვალის შესახებ განაცხადა და სპორტსმენი ტურნირებს დროებით ჩამოაშორა.
ცხადია, რუსებმა ყველაფერი უარყვეს და განმეორებითი ტესტირების ჩატარება მოითხოვეს. ლოვჩევის სამწუხაროდ, B სინჯმა ახალი არაფერი მოიტანა და მას ოფიციალური განცხადების გაკეთებაც მოუხდა:
“გუშინ საღამოს საერთაშორისო ფედერაციიდან დოკუმენტები მივიღე, სადაც ნათქვამია, რომ 4 წლით დისკვალიფიცირებული ვარ. ადვოკატთან ერთად ამ გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟი სასამართლოში გავასაჩივრებ. ამის საფუძველი ნამდვილად გვაქვს”.
როგორც ხედავთ, ლოვჩევი ფარ-ხმალს მაინც არ ჰყრის და ვერც მსოფლიოს ჩემპიონისთვის კუთვნილი ოქროს მედლის ტალახაძისთვის გადაცემას ეგუება, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისმა მცდელობებმა შედეგი გამოიღოს.
ალექსეის მდგომარეობას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ ძალოსნობის ფედერაციამ კიდევ 3 რუსი სპორტსმენის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკვე რუსეთის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაქსიმ აგატიპოვმა ისაუბრა.
“მაქვს ინფორმაცია, რომ ოლგა ზუბოვას 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ალექსეი კოსოვი და ოლგა აფანასიევა კი ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ფიცარნაგზე 4 წლის განმავლობაში ვერ გავლენ”.
ცნობისთვის, გასულ მსოფლიო პირველობაზე ზუბოვამ 75 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აფანასიევა 69 კგ-ში მე-4 იყო, ხოლო კოსოვი 94 კგ-ში მეშვიდეზე გავიდა, თუმცა კი, აკვრაში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
სათქმელია ისიც, რომ ერთბაშად 4 ძალოსანის დოპინგზე ჩავარდნის გამო, რუსეთის ძალოსანთა ფედერაცია, შესაძლოა, საოლიმპიადოდ რამდენიმე კვოტის გარეშე დარჩეს. ფედერაციის თავკაც სერგეი სირცოვის თქმით, ამ მხრივ სიახლეები თბილისში გაჟღერდება.
“წესების თანახმად, ამის შანსი ნამდვილად არსებობს. ვინაიდან დოპინგის მიღებაში რამდენიმე ჩვენი ძალოსანია ეჭვმიტანილი, შესაძლოა, 1 ანაც 2 ლიცენზია ჩამოგვართვან. საბოლოოდ გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომზე იქნება მიღებული, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდება. იმედი მაქვს, ამ მხრივ მაინც დაგვინდობენ და რიოში სრული შემადგენლობით ანუ 10 კაცით გავემგზავებით”.
სირცოვი ძალოსნების ბედზე კი ღელავს, თუმცა, შესაძლოა, ისე გამოვიდეს, რომ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მიღმა სრულიად რუსული დელეგაცია აღმოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ სენსაციური განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა გააკეთა.
“ის, რუსი სპორტსმენები რიო-2016-ზე იასპარეზებენ თუ არა, სოჭი-2014-ის გარშემო მსოფლიოს ანტიდოპინგური კომიტეტის გამოძიებაზეა დამოკიდებული. თუკი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული დოპინგ-პროგრამის არსებობის შესახებ ვარაუდები დადასტურდა, საერთაშორისო ფედერაციებს და ოლიმპიურ კომიტეტს ამ რთული გადაწყვეტილების მიღების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩებათ”.