შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დღეს 2015/2016 წლების საკლუბო სეზონის ბოლოსწინა დიდი შეხვედრა გაიმართება. “სენტ იაკობ-პარკზე” ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში ერთმანეთს მოქმედი გამარჯვებული “სევილია” და “ლივერპული” დაუპირისპირდებიან.
დღევანდელი ფინალი გუნდებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ტიტულის მოპოვების გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.
როგორ მივიდნენ კლუბები ფინალამდე
ლივერპულის გზა
“წითლებმა” პრემიერლიგის 2014/2015 წლების სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულეს და მიმდინარე ევროპა ლიგაში ჯგუფური ეტაპიდან მოუწიათ ჩართვა, სადაც “სიონი”, “ბორდო” და “რუბინი” ერგოთ მეტოქეებად. მერსისაიდელებმა 10 ქულა მოაგროვეს და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პირველ ადგილზე გავიდნენ.
“ლივერპულს” ფლეი-ოფის საწყის ეტაპზე “აუგსბურგი” დაუპირისპირდა. გერმანიაში გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა, ხოლო “ენფილდ როუდზე” მასპინძლებმა ჯეიმს მილნერის ზუსტი პენალტით იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც პრინციპული მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდათ.
მერსისაიდელებმა პირველ მატჩში 2:0 იმარჯვეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. სტუმრად კი, ფრედ 1:1 ითამაშეს.
1/4 ფინალში იურგენ კლოპს ყოფილ გუნდთან მოუწია დაპირისპირება და შემდეგ ეტაპზე გასვლა ზღაპარში მოახერხა. დორტმუნდში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო “ენფილდ როუდზე” 65-ე წუთამდე 1:3-ს იგებდნენ სტუმრები, მაგრამ “ლივერპულმა” სასწაული შეძლო და დარჩენილ დროში სამი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს. ბოლო გოლი დეიან ლოვრენმა 91-ე წუთზე გაიტანა.
1/2 ფინალში “ლივერპულს” მეტოქედ “ვილიარეალი” ერგო და ესპანეთში მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა, მაგრამ საკუთარ მოედანზე 3:0 იმარჯვა და ფინალში დამსახურებულად გავიდა.
სევილიას გზა
ანდალუსიურმა კლუბმა გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგება მოახერხა და შესაბამისად, 2015/2016 წლების სეზონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “სევილიას” არ გაუმართლა და “იუვენტუსთან”, “მანჩესტერ სიტისთან” და “გლადბახთან” ერთად სიკვდილის ჯგუფში მოხვდა. “დალაქებს” ძალიან გაუჭირდათ, მხოლოდ მე-3 ადგილზე გასვლა მოახერხეს და საყვარელ ტურნირს 1/16 ფინალიდან დაუბრუნდნენ.
ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე ანდალუსიელებს ნორვეგიული “მიოლდე” შეხვდათ და ორი მატჩის ჯამში მარტივად 3:1 დაამარცხეს (3:0;0:1).
“დალაქებს” 1/8 ფინალში ის კლუბი დაეჯახა, რომლის სტადიონზეც დღეს მოუწევთ თამაში. “სენტ იაკობ პარკზე” ესპანელებმა უგოლო ფრე გააგორეს, ხოლო შინ “ბაზელს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და შემდეგ რაუნდში გააღწიეს, სადაც მათთვის კარგად ნაცნობ “ბილბაოს” შეხვდნენ, რომლის გაგდებაც ძალიან გაუჭირდათ.
უნაი ემერის კოლექტივმა ბასკეთში 2:1 იმარჯვა, თუმცა ამავე ანგარიშით საკუთარ მოედანზე წააგო და 1/2 ფინალში პენალტების სერიის წყალობით მოხვდა, სადაც მათ დონეცკის “შახტარის” დამარცხება მოახერხეს. უკრაინაში მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო “სანჩეს პისხუანზე” მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს და ევროპა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.
საინტერესო ფაქტები
“სევილიას” გამარჯვების შემთხვევაში პირველი გუნდი გახდება, რომელიც ევროპა ლიგას ზედიზედ მესამედ მოიგებს.
იმ შემთხვევაში, თუ ტიტულს “ლივერპული” მოიგებს, აღნიშნულ ჯილდოს მეოთხედ დაეუფლება და “სევილიას” გაუთანაბრდება.
უნაი ემერი გამარჯვების შემთხვევაში მესამედ მოიგებს ევროპა ლიგას და ჯოვანი ტრაპატონის გაუთანაბრდება, რომელიც ამ მხრივ რეკორდსმენია.
იურგენ კლოპს შანსი აქვს, რომ სადებიუტო სეზონი ევროპული ჯილდოს მოგებით დაასრულოს.
ფინალში გამარჯვებული გუნდი ავტომატურად ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
კლუბების ბოლო მატჩები
ლივერპული
15.05 ვესტ ბრომვიჩი – ლივერპული 1:1
11.05 ლივერპული – ჩელსი 1:1
08.05 ლივერპული – უოტფორდი 2:0
სევილია
14.05 ბილბაო – სევილია 3:1
08.05 სევილია – გრანადა 1:4
წინასამატჩო მდგომარეობა
უკანასკნელი მატჩები ორივე კლუბმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. მწვრთნელებმა სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო შეხვედრებში, მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცეს და თავიდან აირიდეს მათი ტრავმები.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს “ლივერპული” წააგებს მომდევნო სეზონში ევროტურნირებს მიღმა დარჩება, რადგან პრემიერლიგაში მხოლოდ მე-8 ადგილზე გავიდნენ.
შიდა ჩემპიონატში წარმატებული თამაშით ვერც “სევილია” დაიკვეხნის, რომელიც მხოლოდ მე-7 პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ევროპა ლიგის საგზური ავტომატურად მოიპოვა, რადგან ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონასთან” ერთად გავიდა და დამარცხების შემთხვევაშიც საგზური ავტომატურად ანდალუსიელებს რჩებათ.
დანაკლისი ორივე კლუბს აქვს. “ლივერპულს” ტრავმების გამო როსიტერი, დენი ინგსი, ჯორდან ჰენდერსონი და ჯოი გომესი არ ეყოლება, მამადუ სახო დისკვალიფიცირებულია, ხოლო დივოკ ორიჯის თამაში საეჭვოა.
“სევილიას” რიგებში დაშავებულნი მიკაელ კრონ-დელი, ხოსე ანტონიო რეიესი და ბენუა ტრემულინასი არიან.
მსაჯები
დღევანდელ მატჩს შვედი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 42 წლის იონას ერიქსონი იქნება, რომელიც ფიფას კატეგორიის არბიტრი 2002 წლიდანაა. მისი ასისტენტები მატიას კლასენიუსი და დანიელ უორნმარკი იქნებიან, ხოლო სათადარიგო მსაჯი ნორვეგიელი სვეინ მოენი იქნება.
ფინანსური მხარე
“ლივერპულმა” ევროპა ლიგაზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით, (სუფთა სპორტული კუთხით, სატელევიზიო შემოსავალზე საუბარი არაა) 7,850,000 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
“სევილიამ” წლევანდელ ევროპა ლიგაზე მხოლოდ 3,750,000 მილიონი ევრო იშოვა, თუმცა როგორც იცით, “დალაქებმა” სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყეს და იქ ჯამში 15 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.
დღეს გამარჯვებული კლუბი ბიუჯეტს 6.5 მილიონი ევროთი შეივსებს, ხოლო დამარცხებული – 3.5 მილიონი ევროთი.
იცოდი?
“ლივერპულმა” ბოლოს ევროპა ლიგა (მაშინ უეფას თასი ერქვა) ბოლოს 2001 წელს მოიგო. მერსისაიდელებმა დორტმუნდში გამართულ დრამატულ ფინალში “ალავესს” აჯობეს, რომელიც დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობს. მაშინ “წითლებმა” დამატებით დროში 5:4 იმარჯვეს და გადამწყვეტი ბურთის გატანა 116-ე წუთზე მოახერხეს.
22:45 ლივერპული – სევილია
ბაზელი, “სენტ იაკობ-პარკი”
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, ტურე, მორენო, კლაინი, ჩანი, ლალანა, მილნერი, კოუტინიო, ფირმინო, სტარიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
სევილია (4-2-3-1): სორია, რამი, კარისო, ესკუდერო, მარიანო, კრიხოვიაკი, ნ’ზონზი, კოკე, ბანეგა, ვიტოლო, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
მსაჯი: იონას ერიქსონი