კალათბურთი

22:20 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო გზაზე “ქუთაისი 2010” დაწინაურდა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის სუპერფინალის პირველ შეხვედრაში “ქუთაისი 2010”-მა თბილისის “დინამოს უმასპინძლა. მატჩს ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის საკალათბურთო დარბაზში უამრავი ადამიანი დაესწრო და ძალიან ბევრი ქომაგი დარბაზს მიღმა დარჩა ადგილების უკმარისობის გამო. გადაჭედილ სპორტულ არენაზე კი ქუთაისელთა ქომაგებმა ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს გუნდებს და საოცარ სპორტულ გარემოში მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.

მოგეხსენებათ, რეგულარულ ჩემპიონატში უკეთესი შედეგების გამო იმერული კლუბი მოედნის უპირატესობას ფლობდა, ამიტომაც პირველი პაექრობა ქუთაისში ჩატარდა. აღნიშნული უპირატესობის გარდა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ - ქუთათურებმა რეგულარულში ოთხივე პაექრობაში დაამარცხეს მეტოქე. ამასთანავე რიონისპირელებს რევანშის აღების წყურვილიც ჰკლავთ, ვინაიდან 2013-2104 წლების საკალათბურთო ჩემპიონატში სწორედ დინამოელებმა შეუშალეს ხელი ფინალში ქუთაისელთა გაჩემპიონებას.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და მთელი პირველი ტაიმი ასე გაგრძელდა კიდეც. საწყისს მეოთხედში არაერთხელ შეიცვალა დაწინაურებული გუნდი, თანაც მოთამაშეებს სასტარტო მღელვარებაც ეტყობოდათ. ქუთაისელთაგან სადებიუტო წუთებში ბექაური უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც საერთოდ მთელი მატჩი ითამაშა კარგად და ორმაგი დუბლიც გაიფორმა – 17 ქულა და 10 მოხსნა. გარდა ამისა, ბექამ საწყის წუთებში ზედიზედ ორჯერ დააფარა მეტოქის კალათბურთელებს, რითაც მოწინააღმდეგეეებს საფიქრალი გაუჩინა და ისინიც იძულებულნი გახდნენ ბედი საშუალო და შორეულ ტყორცნებში ეცადათ. მას მხარი კარგად აუბეს ცეკვავამ და გიგი ბარბაქაძემ. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ უმცროსი ბარბაქაძის შემოსვლა, რომელიც გიგიმ ზედიზედ ორი სამქულიანით აღნიშნა. მალე კი კიდევ ერთი ბურთი მოათავსა და საკუთარი გუნდიც დააწინაურა 16:10, მაგრამ მეოთხედის ბოლო წუთზე დინამოელი კოვაცევიჩის და გოგოძის კარგი თამაშის წყალობით დედაქალაქელებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 16:15.

მეორე ათწუთეული გაცილებით უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს. მათ რიგებში უნდა გამოვყოთ გიორგი შარაბიძის გააზრებული მოქმედებები და მაქსიმ კოვაჩევიჩის ზუსტი თამაში. შედარებით პასიურები იყვნენ ამერიკელი ლეგიონერები – მაკალპინი და მაილსი. პირველი მეოთხედის მსგავსად გააზრებულად და შედეგიანად ირჯებოდა ახალგაზრდა ნოდარ გოგოძე. შედეგად მივიღეთ ის, რომ თბილისელებმა ტაიმის მიწურულს უპირატესობას მიაღწიეს და ტაიმიც მოიგეს 38:34.

მესამე მეოთხედი გადამწყვეტი გამოდგა. კოტე ტუღუშის მიერ დარიგებულმა ქუთათურებმა აღმაფრენით ჩაატარეს დროის ეს მონაკვეთი და მეტოქეს 8-ქულიანი უპირატესობით აჯობეს. ძალიან კარგად ათამაშდა ამერიკელი ბრიტონი და რიჩარდ მათიაშვილი. ეს უკანასკნელი თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 4 პერსონალურით თამაშობდა, მაგრამ “რიჩომ” თავი კარგად “შეინახა” და მატჩის მოგებაში ლომის წვლილიც შეიტანა. ქუთათურებმა მოქმედების არეალი შეუზღუდეს კოვაჩევიჩს, რამაც თბილისელ შემტევთა პოტენციალი მკვეთრად შეასუსტა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ კი ტაბლოზე 58:54 იყო ქუთაისელთა სასარგებლოდ.

დასკვნითი ათწუთელი კი ყველაზე მწირქულიანი გამოდგა. თბილისელებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს წინ გასვლა, მაგრამ აღმაფრენით მოთამაშე მასპინძლებმა მაინც იძალეს და თავისკენ გადახარეს ბრძოლის სასწორი. გადამწყვეტ მომენტებში ისევ მათიაშვილმა და ბრიტონმა ულიდერეს გუნდს, ძალიან მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო შედარებით პასიურმა ფაშაევმა. თავის მხრივ საეპილოგო ნაწილში დედაქალაქელები უზუსტოდ ასრულებდნენ საკუთარ შეტევებს, ეს მომენტი რიონისპირელებმა ძალიან კარგად გამოიყენეს და თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე – 73:65. მეორე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 18 მაიის 16:00 საათზე გაიმართება.

ქუთაისი - დინამო 73:65

0.223272