ფეხბურთი

21:44 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

არმაზ ჯელაძე: „სიონი“ გამარჯვებისთვის მზადაა!

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალამდე, “სიონის” თავკაცმა არმაზ ჯელაძემ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა. ჯელაძემ “სიონში” არსებულ განწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი გამარჯვებისთვის მზადაა.

“მინდა ფეხბურთის ფედერაციის ახალ წამოწყებას და თასის ფინალის რეგიონში ჩამოტანას მივესალმო. რაც შეეხება “სიონს”, ჩვენთვის თასის ფინალში ასპარეზობა საპასუხისმგებლო და პრინციპულია.

მოგეხსენებათ, ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, რომელსაც რაციონალური მიზეზები აქვს. ოთხეულის მიღმა აღმოვჩნდით და ევროზონაში მოსახვედრად ერთადერთი გზა თასის ფინალის მოგებაა.

ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა ეს დაიმსახურა. მჯერა რომ ჩვენ ამას შევძლებთ. “სიონი” მზადაა გამარჯვებისთვის! ვიცი, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივრის დიდი ნაწილი ჩვენ გვიქომაგებს, რისთვისაც მათ წინასწარ მადლობას ვუხდი.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისელ ქომაგებს, რომელთა გარეშეც ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ხვალ ქუთაისში უამრავი მათგანი ჩამოდის და მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა არმაზ ჯელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალი, რომელშიც “სიონი” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება უფასოა.

"სიონის" პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11842