ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მაისის სუპერტურნირზე მე-7 გამარჯვება იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად ერთადერთი შერკინების მოგებაღა სჭირდება.
ტოჩინოშინმა, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება, აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა, ჩინელი სოკოკურაი ცურიდაშით დაამარცხა.
ახლა, ქართველი სუმოისტის მაჩვენებლები 7 მოგება და 3 მარცხია, მომდევნო შერკინებას კი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა შოჰოძანთან ჩაატარებს. თუკი ლევანმა მასაც სძლია, წოდებაში დაწინაურებას ადრეულადვე გაინაღდებს.
სამწუხაროდ, რთულ მდგომარეობაში იმყოფება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც 4 მოგების წილ მე-6 მარცხი განიცადა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ტოკიოში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს და წინსვლისთვის დარჩენილი 5 ბრძოლიდან ოთხის მოგება სჭირდება.
ამჯერად, გაგამარუ აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიოოტორისთან შიტატენაგეთი დამარცხდა, შემდეგი დაპირისპირება კი ხსენებულ სოკოკურაისთან ელის, რომელსაც ქართველის დარი ბალანსი აქვს და წარმატებისთვის ასევე მაქსიმუმს გაიღებს.
ნაცუ ბაშოს 10 დღის თავზე მაქსიმალური შედეგი კვლავაც ორ მონაწილეს აქვს. იოკოძუნა ჰაკუჰომ და ოძეკი კისენოსატომ წარმატებული სვლა განაგრძეს და დიდი ალბათობით, “იმპერატორის თასს” სწორედ უშუალო შერკინებაში გაითამაშებენ.
ნაცუ ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 0:28-დან, ტოჩინოშინის - 5:07-დან