იტალიის სერია A-ს 2015-2016 წლების სეზონის გათამაშება დასრულდა. დასრულდა ჩვეული სცენარით, ტურინის “იუვენტუსმა” კვლავ იჩემპიონა – ზედიზედ მეხუთედ. “ბებერი ქალბატონისგან” ასეთ წარმატების სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშის მერე ცოტა თუ ელოდა, მაგრამ...
ტიფოზების იმედი ისევ გააცრუა “მილანმა”, რომელმაც მორიგი უსახური სეზონი ჩაატარა. დიდად არც მეორე მილანურ გრანდ “ინტერს” გაუბრწყინია. მოკლედ, worldsport.ge წარმოგიდგენთ სერია A-ს აწ დასრულებული სეზონის ვრცელ შეჯამებას.
ჩემპიონი – “იუვენტუსი”
გასულ ზაფხულს “იუვე” სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, არტურო ვიდალმა და კარლოს ტევესმა დატოვეს, რამაც იმთავითვე გააჩინა მოსაზრება, რომ ტურინული გრანდი სეზონს ჩააგდებდა. ვინც ასე ფიქრობდა, მწარედ შეცდა, თუმცა თავიდან არც მათი მოსაზრება გახლდათ ლოგიკას მოკლებული – ადვილი არაა, ზემოხსენებული მოთამაშეების უმტკივნეულოდ ჩანაცვლება.
“იუვენტუსს” სეზონის სტარტი მართლაც კატასტროფული გამოუვიდა – პირველ ათ ტურში ოთხჯერ წააგო და ცხრილის ქვედა ნაწილში ყურყუტებდა. თუმცა, ყველაფერი შეცვალა “ტორინოსთან” მოგებულმა დერბიმ – იმ მატჩიდან მოყოლებული “იუვემ” მეტოქეები არ დაინდო და მიჯრით 16 თამაში მოიგო. “ბიანკონერის” “ინტერის” 2007 წელს დამყარებული რეკორდის დამხობამდე ერთი თამაში დააკლდა. ბოლონიაში მასიმილიანო ალეგრის გუნდს რომ მოეგო, მილანური გრანდის მიღწევაც წარსულს ჩაბარდებოდა. “იუვემ” “რენატო დალ არაზე” ვერ მოიგო, არადა, მერე მიჯრით ისევ 10 მატჩში იმარჯვა. მოკლედ, მთლიანობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამჟამად აპენინის ნახევარკუნძულზე ტურინის “იუვენტუსის” დარი გუნდი არ მოიძებნება და მეტიც, მისგან დანარჩენები საკმაოდ შორს არიან. “ზებრების” ასეთი წარმატება დიდწილად ჯანლუიჯი ბუფონმაც განაპირობა – ლეგენდარული მეკარე გარდა იმისა, რომ კარის ხაზზე ისევ დიდებულად იდგა, “სასუოლოსთან” (0:1) ოქტომბერში წაგებული შეხვედრის მერე თანაგუნდელების კრიტიკას საჯაროდ მისდგა და მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. იგივე პატრის ევრამაც გააკეთა – ფაქტია, რომ ჯიჯის ამ განცხადების შემდეგ დაიწყო “იუვეს” ის სერია, რომელმაც გუნდს 32-ე სკუდეტო მოუტანა.
ჩემპიონთა ლიგის ზონა – “ნაპოლი”
აურელიო დე ლაურინტისი წლიდან წლამდე სახსრებს არ იშურებს, რომ მისმა გუნდმა ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვოს. თუმცა, ჯერჯერობით “ნაპოლის” ამ საქმიდან არაფერი გამოსდის. არადა, მაურიციო სარის გუნდს დიდებული სეზონი ჰქონდა: თავად განსაჯეთ პირადი რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში მოპოვებული ქულების მიხედვით (82), მაგრამ ეს საჩემპიონოდ საკმარისი არ აღმოჩნდა. აქვე უნდა ითქვას, რომ “ნაპოლი” კარგა ხანი ლიდერობდა გათამაშებას, მაგრამ ტურინში ბოლო წუთზე წაგებამ ყველაფერი ნათელი გახადა.
“რომა”
“რომას” ადვილი სეზონი არ ჰქონია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს დიდწილად ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა, რომლის მოსვლის შემდგომაც “რომა” გარდაიქმნა და სულ სხვა ფეხბურთის თამაში დაიწყო იმასთან შედარებით, რასაც რუდი გარსია მისდევდა. “ჯალოროსი” ვიცე-ჩემპიონობასთან და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ ორი ქულა დააკლდა ამ მიზნამდე. უნდა ითქვას, რომ რომაელთა მეორე წრეში ათამაშება სტეფან ელ შაარავის დამსახურებაცაა, რომელიც “რომას” იანვარში შეუერთდა. და რაღა თქმა უნდა, ფრანჩესკო ტოტიზეც უნდა ითქვას – ჩესკომ სეზონის ფინიშზე უმნიშვნელოვანესი გოლები შეაგდო და ახლა ყველა, დიდი თუ პატარა, მისი ახალი კონტრაქტის მოლოდინშია.
ევროპა ლიგის ზონა – “ინტერი, “ფიორენტინა”
ევროპა ლიგით მოუწიათ დაკმაყოფილება მილანის “ინტერსა” და ფლორენციის “ფიორენტინას”. იყო პერიოდი, როცა ორივე გუნდი სკუდეტოზე ოცნებობდა და ჩემპიონატს ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ სეზონის შუაში თამაშის ხარისხს უკლეს და საბოლოოდ ჩემპიონობას ვინ ჩივის, სამეულს მიღმა აღმოჩნდნენ. და მაინც, გასულ წელთან შედარებით, “ნერაძურიმაც” და “იებმაც” პროგრესი განიცადეს. რობერტო მანჩინი მეოთხე ადგილს ამ ეტაპზე წარმატებად თვლის, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ზაფხულში ტარნსფერები სჭირდება, თუ მაღალ მიზნებზე იქნება საუბარი. რაც შეეხება პაულო სოუზას, პორტუგალიელი დიდი ალბათობით ფლორენციას დატოვებს, რადგან მიუხედავად მეხუთე ადგილისა, მის მიერ გაწეული სამუშაო “ფიორენტინას” ხელმძღვანელებს არ აკმაყოფილებთ.
სეზონის აღმოჩენა – “სასუოლო”
ეუსებიო დი ფრანჩესკოს “სასუოლო” უდაოდ იმსახურებს ამ სტატუსს – “ნეროვერდიმ” სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და გაუსწრო ისეთ ამბიციურ გუნდებს, როგორებიც “მილანი” და “ლაციოა”. და ახლა, თუ იტალიის თასს “მილანი” ვერ მოიგებს, “სასუოლო” დამდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს – თავის ისტორიაში პირველად. ამ პატარა გუნდის ასეთი წარმატება დი ფრანჩესკოს დამსახურებაა ფაქტია. თანაც, “სასუოლოს” მიღწევა ორმაგად დასაფასებელია იმის ფონზე, რომ სხვა იტალიური გუნდებისგან განსხვავებით, მის შემადგენლობაში იშვიათად ნახავთ ლეგიონერებს.
სეზონის იმედგაცრუება – “მილანი”
მორიგი სეზონი, რომელიც ლომბარდიულმა გრანდმა კრახით დაასრულა. ყოველ შემთხვევაში სერია ა-ში ასეა. არავინ იცის, როგორ დასრულდება კოპა იტალიის ფინალი და შეძლებს თუ არა, “როსონერი” ტიტულის მოგებას, რაც მას ევროპა ლიგის საგზურს მოტანს, მაგრამ ფაქტია, რომ “მილანისგან” მხოლოდ სახელიღაა შემორჩენილი. სეზონი ჩააგდო მარიო ბალოტელიმ, რომელზეც ტრადიციულად დიდი იმედი მყარდებოდა... ახალწვეულმა კარლოს ბაკამ კი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა და ალბათ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად ერთადერთია, რომლის მიმართაც სასაყვედურო ნაკლებია. ცალკე თემაა, რომ გუნდი სინიშა მიხაილოვიჩის ხელმძღვანელობით ასე თუ ისე, კარგად თამაშობდა, მაგრამ სილვიო ბერლუსკონიმ მაინც დაითხოვა და კრისტიან ბროკი მოიყვანა – ბროკის ხელში “მილანმა” ერთადერთი თამაში მოიგო და მერვე ადგილზე გავიდა...
“ლაციო”, “სამპდორია”
ორი გუნდი, რომლებმაც ერთი წლის წინ შესაბამისად, ჩემპიონთა და ევროპა ლიგის საზგურები მოიპოვეს, მაგრამ წლევანდელი სეზონი მთლიანად ჩააგდეს. ორივემ იცვალა მთავარი მწვრთნელი: რომში სტეფანო პიოლი სიმონე ინძაგიმ ჩაანაცვლა, ხოლო გენუაში ვალტერ ძენგა ვინჩენცო მონტელამ. ისიც უნდა ითქვას, რომ ამას დიდად შედეგი არ გამოუღია - “ლაციო” და “სამპა” “მილანის” მერე უდაოდ სეზონის მთავარ იმედგაცრუება გუნდებში უნდა შევიყვანოთ.
ბრძოლა გადარჩენისთვის
“ვერონა” მთელი სეზონი ცუდად თამაშობდა და ქვედა ლიგის საგზური ფაქტობრივად პირველი წრის მერე ჰქონდა განაღდებული, მიუხედავად ამისა, ვერონელებმა საკუთარ მოედანზე “იუვენტუსსა” და “მილანს” მოუგეს, ხოლო “რომასთან” და “ინტერთან” ქულა მოიპოვეს. სამაგიეროდ, “ჰელასი” თავისი კალიბრის გუნდებთან ძალზე უსუსრად გამოიყურებოდა. მის გარდა ელიტა “ფროზინონემ” და “კარპიმ” დატოვეს, ორმა დებიუტანტმა. ამ უკანასკნელს შანსი ბოლო ტურამდე ჰქონდა, უდინეში მოიგო კიდეც, მაგრამ კონკურენტმა “პალერმომაც” მოიგო თავისი თამაში და “კარპი” სიცილიელებს ქულით ჩამორჩა და სერია ბ-ეს დაუბრუნდა.
“პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი კი წელსაც ფორმაში იყო: რა თქმა უნდა, მწვრთნელთა როტაციას ვგულისხმობთ – ჯუზეპე იაკინი, დაივდე ბალარდინი, ჯოვანი ტედესკო, ჯუზეპე იაკინი, ვალტერ ნოველინო და ისევ დავიდე ბალარდინი – ხსენებული მწვრთნელები “პალერმოს” არც მეტი, არც ნაკლები ერთ სეზონში ხელმძღვანელობდნენ. საბოლოოდ, სიცილიელებმა გადარჩენა ბალარდინის ხელში მოახერხეს. ეს კი დიდწილად ორი ვეტერანის, ენცო მარესკასა და უფრო მეტად, ალბერტო ჯილარდინოს დამსახურებაა. სეზონი მთლიანად ჩააგდო “პალერმოს” მთავარმა იმედმა ფრანკო ვასკესმა.
“კაპოკანონიერე” – ბომბარდირთა დავა
აქ ყველაფერი თავიდანვე ცხადი გახდა – გონსალო იგუაინმა სხვებს შანსი არ დაუტოვა და “კაპოკანონიერეს” ტიტული კარიერაში პირველად მოიგო. “პიპიტამ” 36 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია – არგენტინელმა შვედი გუნარ ნორდალის 35 გოლიანი მიღწევა გააუმჯობესა. რომ არა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლოს, ეგებ უფრო მეტიც გაეტანა.
მეორე-მესამე ადგილებზეც სამხრეთამერიკელები გავიდნენ: პაულო დიბალა და კარლოს ბაკა, 19 და 18 გოლით. საერთოდ, დიბალა ცალკე აღნიშვნის ღირსია. არგენტინელმა მოლოდინს გადააჭარბა და მრავლისმნახველ ტურინულ პუბლიკას თავი მალევე შეაყვარა. გარდა 19 გოლისა, მან 9 საგოლე გადაცემაც გააკეთა. მოკლედ, “იუვეს” ახალი ოქროს ბიჭუნა ჰყავს, რომელმაც ტიფოზებს კარლოს ტევესი სრულიად დაავიწყა. ასე თუ გააგრძელებს, შორს ალბათ არც ის დღე იქნება, რომ ბევრი სპეციალისტის პროგნოზი გამართლდება და “ოქროს ბურთს” მოიგებს.
რეკორდები
გონსალო იგუაინის რეკორდზე უკვე მოგახსენეთ, რომელმაც გუნარ ნორდალის შედეგი 66 წლის შემდეგ დაამხო. რეკორდები მრავლად ამყარა ტურინის “იუვენტუსმაც” – 25 მატჩიდან მოგებული 24 – ესეც რეკორდია. რეკორდია ისიც, რომ “იუვემ” მთელ სეზონში მხოლოდ 20 გოლი გაუშვა და თავისივე შედეგი გაიმეორა, ხოლო საკუთარ კედლებში მხოლოდ 6 გოლი მიიღო. საერთოდ, 2016 წელს, “იუვენტუს სთედიუმზე” ჯანლუიჯი ბუფონმა გოლი არ გაუშვა. მანვე დაამყარა ერთი ჩინებული რეკორდიც: სერია ა-ს ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია და სებასტიანო როსის 1994 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო. ჯიჯიმ საკუთარი კარი ხელუხლებლად ზედიზედ 974 წუთის განმავლობაში შეინახა – მისი მშრალი სერია მე-19 ტურში “სამპდორიასთან” მატჩში დაიწყო და XXX ტურში, “ტორინოსთან” შეწყდა.
სეზონის აღმოჩენა ფეხბურთელი
ამ კატეგორიაში ალბათ ბევრი ფიქრი არცაა საჭირო – ჯანლუიჯი დონარუმა დიდ ფეხბურთში ისე უმტკივნეულოდ გამოჩნდა, რომ მისგან უკვე ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის მომავალს ელოდებიან. ჯიჯიომ (როგორც მას იტალიაში ეძახიან), დეიგო ლოპესსა და კრისტიან აბიატის შანსი არ დაუტოვა და ჩინებული სეზონი ჩაატარა. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ “მილანში” უდაოდ საუკეთესო იყო.
სეზონის იმედგაცრუება ფეხბურთელი
მარიო ბალოტელი – უკვე მერამდენედ ხდება, რომ უნიჭიერესი, მაგრამ ჭირვეული “სუპერმარიო” მოლოდინს ვერ ამართლებს. ამჯერად ასე მოხდა. ბალოტელიმ, რომელიც “მილანს” ინგლისური “ლივერპულიდან” დაუბრუნდა, სეზონის უმეტესი ნაწილი სკამზე გაატარა და შედეგიც მიიღო: ანტონიო კონტე მის წაყვანას ევროპას ჩემპიონატზე არც კი განიხილავს.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
მივცემთ თავს უფლებას და ორ მოთამაშეს ავირჩევთ: პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი. როგორც არ უნდა იყოს, იტალიის ჩემპიონატში 36 გოლის გატანა უკვე მეტყველებს ბევრ რამეზე. “პიპიტას” კარიერაში მართლაც საუკეთესო სეზონი ჰქონდა და “ნაპოლი” რომ მოერე ადგილზე გავიდა, მისი დამსახურებაა.
რაც შეეხება დიბალას, 22 წლის არგენტინელმა დიდებულად ითამაშა. 19 გოლი, 9 ასისტი – ეს ძალზე მაღალი შედეგია ასეთ ასაკში და თანაც “იუვეში”, პირველივე სეზონში. ტურინული გრანდის გაჩემპიონებაში მისი წვლილი განუზომლად დიდია და მასში უკვე ხედავენ ახალ დელ პიეროს...
სეზონის ვეტერანი – სეზონის ახალგაზრდა
მასიმო მაკარონეს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა. “ბიგ-მეკმა” 13 გოლი გაიტანა და “ემპოლიმ” ელიტაში ადგილი რომ შეინარჩუნა მისი დიდი დამსახურებით მოხდა.
ანდრეა ბელოტი კი, “ტორინომ” ზაფხულში “პალერმოდან” საკმაოდ სარფიან ფასში დაიმატა და პირველი წრე საშინლად ითამაშა. თუმცა, ანდრეამ მეორე წრეში მოუმატა და საბოლოოდ, სეზონი 12 გატანილი გოლით დაასრულა. მანვე გაუტანა ჯიჯი ბუფონს, რითაც ლეგენდარული მეკარის მშრალი სერია დაასრულა. ახლა იმაზე, საუბრობენ, რომ ბელოტის ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს.
სეზონის გამომშვიდობება
ანტონიო დი ნატალე, კრისტიან აბიატი, მანუელ პასკუალი, ჯამპაოლო ბელინი, ლუკა ტონი, მიროსლავ კლოზე – ხსენებულ მოთამაშეებს ამიერდან იტალიაში ვეღარ იხილავთ. ეგ კი არა, კლოზესა და პასკუალს თუ არ ჩავთვლით ყველამ კარიერა დაასრულა. მირო და “ფიორენტინას” ექსკაპიტანი კი ახალ შემოთავაზებეს ელიან.
დი ნატალეს ურთულესი სეზონი ჰქონდა – “უდინეზეს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა და ფეხბურთელმა სეზონი თითქმის სკამზე გაატარა. მას არც სტეფანო კოლანტუონო ენდობოდა და არც ჯიჯი დე კანიო.
რომიდან თბილად გააცილეს მიროსლავ კლოზე – გერმანელმა “ლაციალეს” ტიფოზებს განვლილ 5 წელიწადში თავი ძალზე შეაყვარა. იგი რომს გატანილი გოლით დაემშვიდობა.
გოლით, თან ლამაზი (პანენკას სტილში პენალტი) წავიდა ლუკა ტონიც. 21-ე საუკუნის იტალიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ბომბარდირმა წერტილის დასმა 38 წლის ასაკში გადაწყვიტა. ლუკას წინა ორ წელთან შედარებით ისეთი შედეგიანი სეზონი ვერ ჰქონდა და ვერც თავისი “ვერონა” იხსნა მარცხისგან.
ცრემლებით წავიდა კრისტიან აბიატიც. მასთან ერთად მისი ახალგაზრდა კოლეგა ჯანლუიჯი დონარუმაც ტიროდა და საერთოდ, გულის ამაჩუყებელი იყო იმის ყურება, თუ როგორ მიიყვანა “მილანის” ტიფოზებთან აბიატიმ ნიჭიერი მეკარე...
თავიანთ ლეგენდებს ფლორენციაში და ბერგამოშიც გამოემშვიდობნენ – მანუელ პასკუალი და ჯამპაოლო ბელინი. საერთოდ, ბელინი იმ იშვიათთაგანია, რომელმაც მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარა.
სეზონის სიმბოლური ნაკრები
ბოლოსკენ, სერია A-ს სეზონის სიმბოლური ნაკრების ხილვაც არ იქნებოდა ურიგო, ჩვენივე ვერსიით:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
მცველები: ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ფრანჩესკო აჩერბი (“სასუოლო”)
ნახევარმცველები: იოსიპ ილიჩიჩი (“ფიორენტინა”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), მირალემ პიანიჩი (“რომა”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”)
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (“რომა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”)