ესპანთის დიდი პრიზის რბოლის შემდგომ პრეს კონფერენციაზე, კიმი რაიკონენმა, გამარჯვებულ მაქს ფერსტაპენთან ასაკობრივ სხვაობაზე სწორედ ასე იხუმრა. რბოლის მიწურულს, ჩემპიონატის მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა და ხნიერ პილოტებს შორის, გამარჯვებისთვის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. და ახალგაზრდა პილოტმა, ძლიერ ზეწოლას ბოლომდე გაუძლო.
რაიკონენი ახლა 36 წლისაა. ფორმულა 1-ში მისი დებიუტი 2001 წელს (ზაუბერში) გაიმართა და მაშინ მაქსი მხოლოდ სამი წლის იყო. სამაგიეროდ მამამისი, იოს ფერსტაპენი კიმის მეტოქეობას „ეროუზის“ ბოლიდით უწევდა.
ფინელმა პილოტმა ფინიშის ხაზი გამარჯვებულზე 0.6 წამით გვიან გადაკვეთა. რბოლის შემდეგ კი მისი მისამართით ქება არ დაუშურებია. და რა თქმა უნდა, ასაკობრივ სხვაობასაც გაუსვა ხაზი:
„საწყენია, როცა ვერ იგებ, მაგრამ გუშინდელი კვალიფიკაციის და ცუდი სტარტის შემდეგ, მაინც საკმაოდ ბევრი ქულის აღება შევძელით „ფერარისთვის“. ეს ის არ იყო, რაც გვსურდა, მაგრამ მისი (ფერსტაპენის) წარმატება მიხარია. ყველამ ვიცით, რომ ის კარგი პილოტია და ახლა კარგ გუნდშიც იმყოფება. როცა ტრასაზე ყველაზე ახალგაზრდა და ხნიერი მრბოლები იბრძვიან, ასე ხდება. მე მამამისის წინააღმდეგ მიასპარეზია. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ფ1-ში ასე ხდება“.
პილოტებს შორის პირველ გამარჯვების თემაზე, ასეთი საუბარი გაიმართა:
ფერსტაპენი (ფეტელს): „თქვენი როდის იყო? 2008 წელს? მონცა. მაშინ მგონი კარტინგში ვიყავი, კი, რაღაც ასე იყო. თქვენი გამარჯვება“?
რაიკონენი: „2003 წელს“.
ფერსტაპენი: „მაშინ ექვსის ვიყავი და არ მახსოვს, არ ვიცი“.
ფეტელი: „ალბათ საბავშვო ბაღი დამთავრებული გქონდა“.
ფერსტაპენი: „კი, ალბათ“.







