ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე მაისის სუპერტურნირის მე-9 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის.
დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-8 მაეგაშირა მიტაკეუმის გაეჯიბრა და ოშიტაოშით წააგო. ქართველ სუმოისტს 6 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა, შემდეგ ბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა სოკოკურაისთან ჩაატარებს. ქართველი ჩინელს მხოლოდ მესამედ გაეჯიბრება და მეტოქეებს თითო მოგება აქვთ.
ისევ უარყოფით ბალანსზე (4 მოგება, 5 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ნაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ირჯება. ქართველი გოლიათი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა შოჰოძანთან ოშიდაშით დამარცხდა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიოოტორი იქნება, რომელთანაც თანაბარი მაჩვენებლები (ოთხ-ოთხი მოგება) გააჩნია.
“იმპერატორის თასის” მოგებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო. მათ ზედიზედ მე-9 ბრძოლები მოიგეს და უახლოეს კონკურენტებს უკვე ორ-ორი გამარჯვებით უსწრებენ.