ჯაბა კანკავა "რეიმსი" ლიგა 1-დან გავარდა. ქართველი ლეგიონერის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში შინ მეორეადგილოსანი "ლიონი" 4:1 კი გაანადგურა, თუმცა დაქვეითებას ვერ გადაურჩა.
კანკავას გუნდის კონკურენტმა "ტულუზამ" სტუმრად "ანჟერი" 3:2 დაამარცხა, "რეიმსს" 1 ქულით გაასწრო და ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა. საბოლოოდ "რეიმსთან" ერთად, ჩემპიონატს "აიაჩო" და "ტრუა" დაემშვიდობნენ.
ჯაბამ აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კანკავამ 10 ყვითელი ბარათი მიიღო და ერთ მატჩში გააძევეს.
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის ჩატარებამდე პირველ (პსჟ) და მეორე ("ლიონი") ადგილზე გასულთა ვინაობა გარკვეული იყო. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად "ნიცა" იბრძოდა. მართალია ბენ არფას ლიდერობით გუნდმა სეზონი კარგად ჩაატარა, ბოლო შეხვედრა "გენგამს" მოუგო, მაგრამ კონკურენტმა "მონაკომ" "მონპელიე" იოლად 2:0 დაამარცხა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა "ლილიმ". ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებმა სტუმრად ფინალის ტოლფასი შეხვედრა ჩაატარეს "სენტ ეტიენთან" და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ევროპა ლიგის საგზური "ლილის" "სუონსიდან" იჯარით აყვანილმა პორტუგალიელმა ედერმა მოაპოვებინა.
ლიგა 1-ის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმვიჩი 38 გოლით გახდა. შვედმა 13 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მეორე ადგილზე "ლიონის" ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი (21) გავიდა, მესამეზე კი - ედინსონ კავანი (19).