ლუის ჰამილტონი გაღვიძებას იწყებს. თუ მას ტიტულის შენარჩუნება სურს, დროზე უნდა დაუსვას წერტილი თანაგუნდელ ნიკო როსბერგის ბატონობას. თორემ, გერმანელის 43-ქულიანი უპირატესობა უკვე სოლიდური ჰანდიკაპია, რომლის სეზონის ბოლომდე აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება. მითუმეტეს მაშინ, როცა როსბერგი უჩვეულოდ სტაბილურია.
როგორც ყოველთვის, ჰამილტონი კვალიფიკაციაში ძალიან სწრაფია და ეს დღესაც გამოჩნდა. მან თავისი საუკეთესო წრე წუთსა და 22.000 წამში გაიარა და 0.280 წამით აჯობა თანაგუნდელს, რომელსაც შანსი აქვს, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ბარსელონაში იზეიმოს. ნარბოლევს ჰამილტონმა განაცხადა, რომ სტარტზე სპეციალურად ივარჯიშა და იმედი გამოთქვა, რომ ჩავარდნა აღარ ექნება. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა თავის კარიერაში 52-ე, ამ სეზონში კი მესამე პოულ პოზიცია მოიპოვა. „მერსედესისთვის“ ეს ზედიზედ მე-11 პოულია.
საინტერესოა, რომ შანჰაისა და სოჭის კვალიფიკაციებზე, ჰამილტონს პოულისთვის ბრძოლაში ხელი გაუმართავმა ტექნიკამ შეუშალა. უფრო კონკრეტულად კი თბური ენერგიის აღდგენის სისტემამ (MGU-H), რომელიც მის მანქანაზე უკვე სამჯერ შეიცვალა. გამოდს, რომ სეზონის დარჩენილ რბოლებში, ჰამილტონს ლიმიტის ამოწურვამდე ერთი MGU-H-ს გამოყენებაღა შეუძლია. ყოველ ზედმეტზე კი იმ რბოლის სტარტზე, რომელშიც ამ დამატებითს გამოიყენებს, ხუთი ადგილით უკან დაწევა მოუწევს. სხვათა შორის, ბარსელონას რბოლისთვის, მას მოდიფიცირებული სისტემა დაუყენეს.
მოკლედ, ვერცხლისფრებმა ისევ დაიპყრეს მოწინავე სასტარტო რიგი. მეორე რიგში კი ორი „რედ ბული“ დადგება. ავსტრიულ გუნდს აშკარად ეტყობა პროგრესი და მათ ისიც კი შეძლეს, რომ „ფერარი“ უკან ჩამოიტოვეს. არადა, მარანელოელთა პრეზიდენტი სერჯო მარკიონე თავისი ბიჭებისგან გამარჯვებებს ელის. სხვათა შორის, სებასტიან ფეტელი გაოცებას არ მალავდა იმის გამო, რომ მის მანქანას სისწრაფე დააკლდა...
რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ხარების დებიუტანტ მაქს ფერსტაპენის მეოთხე დრო. კვალიფიკაციის სამივე ნაწილში ის ერთ-ერთი უსწრაფესი იყო ტრასაზე და იყო მომენტები, როცა თანაგუნდელ დანიელ რიკიარდოსაც სჯობდა. თუმცა ავსტრალიელმა გადამწყვეტ მომენტში შეძლო უკეთესი დროის დაფიქსირება. და რა თქმა უნდა: ფერსტაპენის მეოთხე ადგილი, ფ1-ში ჰოლანდიელთა შორის საუკეთესოა. და ეჭვიც ნურავის შეეპარება, რომ ის ამას არ დასჯერდება!
„ფერარის“ პილოტებისთვის თუ მეხუთე და მეექვსე ადგილები აშკარა ჩავარდნა, „მაკლარენმა“ მცირე წარმატებას მიაღწია - ფერნანდო ალონსომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. და ეს პირველად მოხდა მას შემდგ, რაც „მაკლარენს“ პარტნიორად „ჰონდა“ დაუბრუნდა.
ესპანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:22.000
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:22.280
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:22.680
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:23.087
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:23.113
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:23.334
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:23.522
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:23.643
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:23.782
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:23.981
- - - - - - - - - - - ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:24.203
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:24.348
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:24.445
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:24.480
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:24.625
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:24.778
- - - - - - - - - -
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:24.903
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:24.941
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:25.202
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:25.579
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:25.745
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:25.939







