საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირის ფინალში გავიდა. ტურნირი რვაგუნდიანია და გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა თავიანთ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს 7 ქულით: ჩეხეთთან ფრის შემდეგ (0:0), ლატვიას 1:0 სძლიეს და დღეს 4:0 აჯობეს მოლდოვას, რაზეც უკვე ვწერდით.
დარჩენილი იყო ჯგუფის ბოლო მატჩი. ჩეხები თუ ლატვიას სამი ან მეტი ბურთის სხვაობით მოუგებდნენ, ფინალში გავიდოდნენ და ქართველები ჯგუფში მეორე ადგილზე დარჩებოდნენ. თუმცა ჩეხებმა სულაც წააგეს ლატვიასთან (0:2) და ასპინძელაშვილის გუნდი ფინალშია.
საქართველო ფინალში მეორე ჯგუფის გამარჯვებულ ისრაელს შეხვდება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ წაუგია და გოლიც კი არ გაუშვია.
მოკლედ, ხვალ ფინალია: საქართველო-ისრაელი. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.