ფეხბურთი

11:01 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

13 მაისის საიუბილეო ღონისძიებები თბილისში

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებიდან 35 წელი შესრულდა. 1981 წლის 13 მაისს, თბილისის "დინამომ" პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ევროპული ტიტული მოიგო. თბილისურმა კლუბმა თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და დიუსელდორფში ევროპული თასი აღმართა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული „დინამოს" შემადგენლობის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნა. გუშინვე ვეტერან ფეხბურთელებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ უმასპინძლა, რომელმაც დინამოელები დალოცა და წმინდა თამარ მეფის დღის აღსანიშნავად ხატით დააჯილდოვა.

დღის ბოლოს თბილისის საკრებულის ინიციატივით და აგრეთვე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის", ქართული სპორტის მუზეუმის და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით საღამო გაიმართა. თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ისტორიული გამარჯვების ამსახველი უნიკალური ფოტო მასალის გამოფენა მოეწყო. საიბულეო თარიღთან დაკავშირებით ქართული სპორტის მუზეუმის მხარდაჭერით თბილისის "დინამოს" გამარჯვებისადმი მიძღვნილი წიგნი სახელწოდებით „13 მაისის 35 წლის იუბილე 1981-2016" - დაიბეჭდა.

ღონისძიებაზე მყოფ ვეტერან ფეხბურთელებს ორგანიზატორებისგან სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქარი გადაეცათ.

სფფ-ს პრესსამსახური

0.131759