ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰეილბრონში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) ნახევარფინალში გავიდა, რისი წყალობითაც 35 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ბასილაშვილი მეოთხედფინალში მე-8 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ იგორ სისლინგს გაეჯიბრა და 6:2, 3:6, 6:4 იმარჯვა.
ნიკოლოზს წინსვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს, რადგანაც ნახევარფინალში მსოფლიოს 127-ე ჩოგან იოზეფ კოვალიკს ეთამაშება. საინტერესოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი სლოვაკს 2 პოზიციით უსწრებს.
ისიც ვთქვთ, რომ კოვალიკმა მეოთხედფინალში არგენტინელ კარლოს ბერლოკს 6:1, 6:4 სძლია. მე-2 ნახევარფინალში მე-3 ნომრად განთესილი ალბერტ მონტანესი (ესპანეთი) მე-6 რეიტინგის მქონე იან-ლენარდ შტრუფს (გერმანია) ეთამაშება.
ჰეილბრონის ჩელენჯერის ფინალში გასვლა 60 სარეიტინგო ქულას იძლევა, გამარჯვებულს კი 100 ქულა ერგება.
უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მიმდინარე 50-ათასიანი ჩელენჯერის პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ყაზახ დმიტრი პოპკოსთან 2:6, 3:6 წააგო ალექსანდრე მეტრეველმა. წყვილთა შეჯიბრში მეტრეველი და უზბეკი ტემურ ისმაილოვი რუს კარაცევს და იმავე პოპკოს უბრძოლველად გასცდნენ, მეოთხედფინალში კი პირველი რეიტინგის მქონე რუსულ-ბელარუსულ დუეტთან (ბეტოვი-ელგინი) 1:6, 0:6 წააგეს.
იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში ასპარეზობა დაასრულა სოფო ქვაცაბაიამ. მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში იტალიელ კამილა სკალას 6:3, 3:6, 6:4 სძლია, მეოთხედფინალში კი რუს ოლესია პერვუშინასთან 5:7, 6:7 (2:7) დამარცხდა.