კალათბურთი

22:56 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: მეოთხე ქართველი ევროლიგის ოთხთა ფინალში

მანუჩარ მარკოიშვილის, ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და გიორგი შერმადინის შემდეგ, თორნიკე შენგელია მეოთხე ქართველია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის – ევროლიგის ოთხთა ფინალში.

დიდი ალბათობით, შენგელია მოედანზე ვერ გავა, თუმცა ის გუნდთან ერთად ჩავიდა ბერლინში და მონაწილეობას იღებს „ლაბორალ კუჩას“ საოთხთაფინალო სამზადისში.

შენგელიამ ფეხის ტრავმა მიიღო და 20 თებერვალს მას მენისკის ოპერაცია გაუდაიტანა. მას შემდეგ, ვიტორიული კლუბის ქართველი ფორვარდი რეაბილიტაციას გადის და რამდენიმე დღის წინ სრულფასოვან ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა დიდი დატვირთვების მისაღებად მზად არ არის.

შესაბამისად, მისი ბერლინის „მერსედეს ბენცის“ არენის ფიცარნაგზე გასვლა დიდი კითხვის ქვეშ დგას, თუმცა ფაქტი სახეზეა და შენგელია მეოთხე ქართველია, რომელიც ევროკალათბურთის საუკეთესო ოთხი გუნდის საფინალო დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას.

„ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე 10-დან 6 მატჩი მოიგო და ტოპ-16-ში გავიდა. „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვედრილმა ვიტორიელებმა 8 გუნდში მე-2 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფში ბასკურმა გუნდმა მოსკოვის ცსკა-საც მოუგო, მადრიდის „რეალსაც“, „ბარსელონასაც“, რაც ვიტორიელთა სეზონის განმავლობაში განცდილ უდიდეს პროგრესზე მეტყველებს.

შენგელია „ლაბორალ კუჩას“ ტრავმის გამო სწორედ ტოპ-16-ის შუაწელში გამოაკლდა, რითაც დიდი გაქანება და დატვირთვა მიიღო იანის ბურუსისმა – ვიტორიელთა ბერძენმა ცენტრმა, რომელიც გუნდის ლიდერია ქულებში, მოხსნებში და მარგი ქმედების ინდექსში (კოეფიციენტში).

„ლაბორალ კუჩას“ მეტოქე თურქული „ფენერბაჰჩეა“ – ევროლიგის ყველაზე მრისხანე იერის მქონე გუნდი, რომელსაც 2 თვის წინ უმთავრესი ლიდერი იანის ვესელი ტრავმის გამო გამოაკლდა. სტამბოლელთა საბედნიეროდ, ვესელი დაბრუნდა და საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დღეს „ლაბორალ კუჩას“ წინააღმდეგ ითამაშებს.

პირველ ნახევარფინალში ცსკა-მ კრასნოდარის "ლოკომოტივი" 88:81 დაამარცხა, "ლაბორალ კუჩასა" და "ფენერბაჰჩეს" შეხვედრა კი თბილისის დროით 23:00 საათზე, რამდენიმე წუთში დაიწყება.

www.gbf.ge

0.117946