ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ჩინებულად ირჯება. მან ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” პირველი ორთაბრძოლა კი დათმო, თუმცა, შემდეგ მიჯრით ხუთ მეტოქეს სძლია და მეწინავეთა რიგებში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი სეკიტორი ნაცუ ბაშოზე ტრავმირებული (ნეკნი აქვს გატეხილი) ირჯება, თუმცა, ამას, მისთვის მორიგი წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.
ტოჩინოშინი ამჯერად ოძეკი ტერუნოფუჯის გაეჯიბრა და იორიკირით სძლია. აღსანიშნავია, რომ ქართველი ამგვარ ძლიერ მეტოქეს მიმდინარე სუპერტურნირზე პირველად გადაეყარა, თუმცა, თავი არ შეურცხვენია. ლევანს შაბათსაც მძიმე ბრძოლა ელის, რადგანაც იოკოძუნა ჰარუმაფუჯის შეერკინება.
საინტერესოა, რომ ტოჩინოშინს და ჰარუმაფუჯის თანაბარი მაჩვენებლები (5 მოგება, 1 მარცხი) აქვთ, მათ წინ კი მხოლოდ 2 მონაწილეღაა: ექვსივე შერკინების მოგება იოკოძუნა ჰაკუჰომ და ოძეკი კისენოსატომ მოახერხეს.
ნაცუ ბაშოს მე-6 დღეს მარცხი განიცადა და ისევ თანაბარ ბალანსზე გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა დაიშომარუს გაეჯიბრა და ცუკიოტოშით დამარცხდა. ხვალ, გაგამარუ დასავლეთის მე-14 მაეგაშირა სეიროს გაეჯიბრება.