კოსოვოს ქალაქი ჯაკოვა დღეიდან 23 მაისის ჩათვლით მოჭადრაკე ვაჟთა შორის ევროპის XVII ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება, 239 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის ქართველი მოჭადრაკეები ბაადურ ჯობავა (2649), ლევან ფანცულაია ( 2604), მერაბ გაგუნაშვილი ( 2569), ზურაბ სტურუა (2540) და თორნიკე სანიკიძე ( 2537) იმყოფებიან.
ტურნირის რეიტინგ-ფავორიტები არიან დავიდ ნავარა (2735, ჩეხეთი), რადოსლავ ვოიტაშეკი (2722, პოლონეთი), ნიკიტა ვიტიუგოვი (2721, რუსეთი).
როგორც ამ ჩამონათვლიდან ჩანს, ევროპის პირველობა კონტინენტის რამდენიმე წამყვანი მოჭადრაკის გარეშე ტარდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 120000 ევროა,საიდანაც პირველ-მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები შესაბამისად 20, 15 და 10 ათას ევროს მიიღებენ.
შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მოჭადრაკეებს კენჭისყრისას გაუმართლათ, რადგან მათი მეტოქეები პირველ ტურში მასპინძლები არიან, რომელთაგან რეიტინგი ბაადურ ჯობავას მეტოქეს სალიხუ სამეს (2212) და ქორი ფატმირს (2038) აქვთ, რომელიც ლევან ფანცულაიას შეხვდება. რაც შეეხებათ სხვა ქართველ მოჭადრაკეებს, მათი მეტოქეები ურეიტინგოები არიან. მერაბ გაგუნაშვილი ბლაკაჯ მუჰამეტს, ზურაბ სტურუა ჰასი სკენდერს, ხოლო თორნიკე სანიკიძე კრასნიქი ავნის ეთამაშება.