"ბორდოს" მცველი მატიე დებიუში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 30 წლის მოთამაშემ პსჟ-სთან მატჩში ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირის განმავლობაში ლაზარეთში მოუწევს ყოფნა.
დებიუში ლონდონის "არსენალიდან" "ბორდოში" იჯარის წესით ზამთარში გადავიდა. ფეხბურთელის მიზანი სათამაშო პრაქტიკის მიღება და ევროპის ჩემპიონატზე წასვლა გახლდათ. საფრანგეთის ჩემპიონატში მცველმა მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, თებერვლის შემდეგ კი მეორედ მიიღო ტრავმა.