გასულ კვირას ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი ლუკა ტონი დიდი ფეხბურთიდან წავიდა. 39 წელს მიტანებულმა ფორვარდმა კარიერაში ბოლო მატჩი “იუვენტუსთან” ჩაატარა და გოლიც გაიტანა: პანენკას სტილში, პენალტით.
იტალიელ ფეხბურთელს გერმანული გამოცემა “ბილდი” ესაუბრა. როგორც ავტორიტეტულ წყაროსთან ინტერვიუში ლუკამ თქვა, გული არაფერზე სწყდება. მისივე განცხადებით, მიუნხენის “ბაიერნი” მწვერვალი იყო.
“თუ მსოფლიოს ჩემპიონატს არ ჩავთვლით, ჩემს კარიერაში ყველაზე ლამაზი მომენტი “ბაიერნთან” ერთად 2008 წელს მოგებული ბუნდესლიგაა. “რეკორდმაისტერი” ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე მაღალი წერტილი გახლდათ, მიუნხენი კი საოცარი ქალაქია. ეს გერმანიაში ყველაზე იტალიური ქალაქია.
რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან გოლს – ვფიქრობ, იგი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში უკრაინას გავუტანე, როცა ანგარიში 2:0 გახდა. საერთოდ ამ ტურნირზე გატანა ძალზე ემოციური იყო.
დარიო დაინელი, ჯამპაოლო პაცინი და ფრანკ რიბერი – ფეხბურთში ყველაზე მეტად ამ ადამიანებთან ვმეგობრობ. ფეხბურთის თამაშს ახლა რომ ვიწყებდე არაფერს შევცვლიდი. ჩემი განვლილი გზიდან გული არაფერზე მწყდება”, - განაცხადა ტონიმ.
ლუკა ტონი “ბაიერნში” 2007-2010 წლებში თამაშობდა და 2007-2008 წლების სეზონში ბუნდესლიგისა და უეფას თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება სამშობლოს, ტონიმ სერია ა-ში ორგზის, 2006 და 2015 წლებში იბომბარდირა. 2006 წელს კი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.