ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელე ბრაზილიის ნაკრებისა და ზოგადად ბრაზილიური ფეხბურთის მდგომარეობით შეშინებულია. როგორც ESPN-ს პელემ განუცხადა, ბრაზილიის ნაკრების თამაშში სიხარული არ იგრძნობდა ამ გუნდმა თავის ჩვეულ გზას გადაუხვია.
“1:7 გერმანიასთან? – დამწუხრებული ვარ. ვტიროდი, როცა თამაშს ვუყურებდი. არამხოლოდ ანგარიშის გამო, არამედ თამაშის. იმ დღეს ჩვენი ფეხბურთის სიხარული დასრულდა. ზაფხულში ოლიმპიადა და კოპა ამერიკაა, მაგრამ ეს ჩვენთვის ადვილი არ იქნება. მეშინია, რადგან ბრაზილიამ საკუთარი გზიდან გადაუხვია.
ჩემს დროს მე, რიველინიო, გერსონი, ტოსტაო – ყველა 10 ნომრის პოზიციის ვიყავით, თუმცა ერთად ვთამაშობდით. დღეს გვყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც ინდივიდუალისტებს ნაკლებად სწყალობს. მხოლოდ ნეიმარზე თამაშის აწყობა სარისკოა. ბრაზილიას გამარჯვებისთვის ფანტაზია და ტალანტები სჭირდება, თუნდაც ისეთი, 2002 წელს რომ ჰყავდა: რივალდო, რონალდო, რონალდინიო”, - განაცხადა პელემ.