ფეხბურთი

18:45 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა ციფრებში: ქვილითაიას აკინოს მიღწევამდე 3 გოლი უკლია

უმაღლეს ლიგაში 28 ტური გასულია და ორიღა დარჩა. აქ სტატისტიკურ მონაცემებს შემოგთავაზებთ მატჩებზე, გოლების რაოდენობაზე, ბომბარდირებზე და ასე შემდეგ. სულ ჩატარებულია 224 მატჩი და გასულია 624 გოლი, ანუ საშუალოდ გამოდის 2,78 გოლი ერთ შეხვედრაში.

თბილისის “დინამოს” ფორვარდი გიორგი ქვილითაია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ორი ჰეთ-თრიქი შეასრულა. ქვილითაიას 23 გოლი აქვს სეზონში და ძნელი წარმოსადგენია, რომ ბომბარდირობაში ვინმე შეეცილოს: მეორეზე მყოფ ოთარ მარცვალაძეს (“დილა”) 17 ბურთი აქვს აქტივში.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი ბრაზილიელ ანდერსონ აკინოს (რუსთავის “ოლიმპი”) გაუტანია: 2009/2010 წლის სეზონში 26 ბურთი მიითვალა. მართალია, აქედან 10 პენალტით იყო, მაგრამ სტატისტიკა არ იცვლება.

მას შემდეგ ბომბარდირები გახდნენ: 2010/2011 – ნიკოლოზ გელაშვილი (“ზესტაფონი”, 18), 2011/2012 – ჯაბა დვალი (“ზესტაფონი”, 20), 2012/2013 – ჩისკო (“დინამო”, 24), 2013/2014 – ჩისკო (“დინამო”, 19), 2014/2015 – ირაკლი მოდებაძე (“დილა”, 16).

დარჩენილია ორი ტური და ქვილითაიას შანსი აქვს, აკინოს დაეწიოს, ან სულაც გადაუსწროს.

საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი მერაბ მეგრელაძეს გაუტანია - 1992/1993 წლების სეზონში მან წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით 41 გოლი მიითვალა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ზვიად ენდელაძე, რომელმაც ზესტაფონის "მარგვეთის" რიგებში 1995/1996 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა.

სულ, მიმდინარე სეზონში 9 ჰეთ-თრიქი აღინიშნა და ჩამოვთვლით:

გიორგი ქვილითაია (2 – “კოლხეთთან” და “გურიასთან”), ოთარ მარცვალაძე (“გურიასთან”), ნიკა კაჭარავა (“საპოვნელასთან”), ირაკლი სიხარულიძე (“გურიასთან”), დიმიტრი ტატანაშვილი (ბათუმის “დინამოსთან”), გიორგი ხარაიშვილი (“გურიასთან”), გიორგი ბერიაშვილი (“ზუგდიდთან”), გურამ სამუშია (“მერანთან”). როგორც ხედავთ, ლანჩხუთის “გურიასთან” ოთხ ფეხბურთელს შეუსრულებია ჰეთ-თრიქი.

ყველაზე მეტი დუბლი ქვილითაიამ და კაჭარავამ მიითვალეს (4-4). ასევე, 3-3 დუბლი აქვთ ტატანაშვილსა და ჯაბა ჯიღაურს

ლეგიონერებიდან ყველაზე მეტი გოლი ისლამ მაშუკოვს (“დილა”) აქვს გატანილი – 5 ბურთი. 4-4 გაუტანიათ ლუის მედინას (“სიონი”), ევგენი მოროზენკოსა (“გურია”) და ნიკოლა კომაზეცს (ბათუმის “დინამო”).

დიდი ანგარიშით ყველაზე მეტჯერ თბილისის “დინამომ” მოიგო – 7-ჯერ. თუმცა, აქედან 6 მატჩი გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით. “ჩიხურამ” 6-ჯერ მოიგო დიდი ანგარიშით, “სამტრედიამ” 5-ჯერ, “სიონმა” კი – 4-ჯერ.

ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი “სამტრედიას” გაუტანია, რომელმაც შინ 8:2 დაამარცხა “საბურთალო”. მთლიანობაში ყველაზე მეტი გოლი “დინამოს” აქვს (71), ხოლო ყველაზე ცოტა “დილამ” გაუშვა (22). ყველაზე ცოტა “კოლხეთმა” გაიტანა (20), ხოლო ყველაზე ბევრი გაუშვა “მერანმა” (60).

თბილისის “დინამო” ოთხი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი და დამაჯერებლადაც ლიდერობდა მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან კარგი შედეგით ვერ დაიკვეხნის. “დილასთან” ორივე წააგო (0:2, 0:1), “სამტრედიასთან” 3 ქულა აიღო (3:1, 1:2), და ასევე 3 ქულას დასჯერდა “ჩიხურასთან” (2:0, 0:1).

აღსანიშნავია “საპოვნელას” ფორვარდ გიორგი ბუხაიძის მიღწევაც. აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდის ფეხბურთელს 12 გოლი მოუგროვდა სეზონში და მეტწილად მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი გოლი გაჰქონდა.

0.11788