სუმოს მექად წოდებულ “რიოგოკუ კოკიგიკანში” მიმდინარე მაისის სუპერტურნირის 3 დღის თავზე ქართველ სეკიტორებს იდენტური მაჩვენებლები აქვთ: ტოჩინოშინს და გაგამარუს თითო მარცხის წილ ორ-ორი გამარჯვება მოუგროვდათ და ჯერჯერობით, დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) ინარჩუნებენ.
ნაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკანოივას შიტატენაგეთი სძლია. მონღოლმა მარჯვენა ხელს ზემოდან ქართველის მავაშის დაჭერა კი მოახერხა, თუმცა, საპასუხო შიტატენაგე გამოეპარა.
მიჯრით 2 მოგების თავზე პირველად წაიფორხილა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულის მქონე ქართველი გოლიათი ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტ ნიშიკიგის გაეჯიბრა და აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წარმატებული სერიის შეწყვეტა ვერ მოახერხა. 25 წლის იპონელმა 199-კილოგრამიანი ქართველის იერიშის შეჩერება კოტენაგეთი მოახერხა.
მაისის სუპერტურნირის მე-4 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ტამავაში დადგება. აქამდე, ქართველი სუმოისტი მონღოლ მეტოქეს 10-ჯერ დაპირისპირებია და მას 7:3-ს ამარცხებს. რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოს წარმომადგენელ ტოიოჰიბიკისთან მოუწევს დაპირისპირება გაგამარუს. ქართველი მას კარიერაში პირველად გაეჯიბრება.
ნაცუ ბაშოს მე-3 დღეს პირველი მარცხი შეემთხვა იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, რომელსაც დასავლეთის მე-2 მაეგაშირა იჩინოჯომ აჯობა. სეკივაკე იკიოისთან წააგო ოძეკი ტერონოფუჯიმ, ხოლო იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და კაკურიუს და ოძეკებს – კოტოშოგიკუს, კისენოსატოს და გოეიდოს კვლავაც ასპროცენტიანი შედეგი აქვთ.
ნაცუ ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა (ნაკლული)
გაგამარუს ორთაბრძოლა 0:25-დან