ინგლისის სენსაციური ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” წამყვანი ფეხბურთელი ჯეიმი ვარდი ზაფხულში გუნდის შეცვლას არ აპირებს. როგორც ინგლისელმა შემტევმა skysports-ს უთხრა, “ლესტერში” ბედნიერია და ისიც დასძინა, იმედია, გუნდიდან არავინ წავაო.
“ახლახან მოვიგე პრემიერლიგა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ. აქ ბედნიერი ვარ – ეს აქამდეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი. ჩვენ, ყველანი ძმებივით ვართ. ერთმანეთში ვსაუბრობთ, დავდივართ ერთად. ბევრი საუბარია, მაგრამ პრემიერლიგა უკვე მოვიგეთ, ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, ყველა “ლესტერში” დარჩება”, - ამბობს ვარდი.
“ლესტერმა” ინგლისის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა, ხოლო ვარდის აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 29 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი და გათამაშების ბომბარდირობისთვის თანამემამულე ჰარი კეინს ებრძვის.