ავტოსპორტი

1:32 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

უაიტინგი კოკპიტის უსაფრთხოებაზე კომპრომისებს ემხრობა

ფორმულა 1-ის რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგი ამბობს, რომ პილოტებს რამდენიმე დამატებითი წამი დასჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი კოკპიტები დამატებითი დამცავი სტრუქტურით აღიჭურვება. და ეს მცირე კომპრომისია იმის საპირწონედ, რომ პილოტის თავი უკეთ იქნება დაცული.

ამ ეტაპზე, FIA-ს ტექნიკური კომისია ორი ტიპის დამცავ სტრუქტურას იკვლევს - „ფერარის“ „ჰალოს“ და „რედ ბულის“ „აეროსქრინს“. ორივეს ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მათგან საუკეთესო ვარიანტი, მომავალი სეზონისთვის დაინერგება. და უაიტინგი ამბობს, რომ უპირატესობა იმ ვარიანტს მიენიჭება, რომელიც კომისიის აზრით, უკეთ დაიცავს პილოტების სიცოცხლეს.

თქმა არ უნდა, რომ კომპიტის დამატებითი სტრუქტურის არსებობა, ექსტრემალურ სიტუაციებში, სამედიცინო გუნდს პილოტის მანქანიდან ამოყვანას გაურთულებს. ამასთან, თავად პილოტსაც ხანძრის შემთხვევაში, მანქანიდან გადმოსვლაზე მეტი დრო დასჭირდება. მაგრამ უაიტინგი თვლის, რომ ეს უფრო მეტად დაცულობისთვის გაწეული კომპრომისი იქნება.

„ღია ნაწილის მხრივ, ამ ორს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. ორივე მეტნაკლებად, ერთ სიმაღლეზეა, ზედა რკალის ღია ნაწილი კი ორივეს თანაბარი აქვს“, - ამბობს უაიტინგი. მისივე თქმით, „აეროსქრინს“ ტესტი ჩაუტარდა იმაზეც, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ამ სტრუქტურით აღჭურვილი კოკპიტის დატოვება პილოტს. „რედ ბულის“ დანიელ რიკიარდომ სოჭში ჩატარებული ტესტისას, კოკპიტი საკმაოდ სწრაფად დატოვა. „ჩვენ გვსურდა გაგვეგო, პილოტი ასეთი კოკპიტის დატოვებას განსაზღვრულ დროში შეძლებდა, თუ არა. დანიელმა ეს შეძლო. და ეს მხოლოდ პირველი ტესტი იყო. შემდგომში კი უფრო უკეთესი დრო გვექნება“, - დასძენს უაიტონგი.

მისი თქმით, გუნდები მოიფიქრებენ ისეთ კონსტრუქციებს, რომლებიც პილოტებს მანქანიდან სწრაფად ამოსვლის საშუალებას მისცემს. „მაგრამ ჩვენ რომ დაგვჭირდეს, მანქანიდან ამოსვლის მაქსიმალურ დროს, ერთი-ორი წამი დავუმატოთ, მრბოლის თავის მეტი დაცულობისთვის ამ კომპრომისზეც წავალთ“, - დასძენს უაიტინგი.

მისივე თქმით, არც ისაა საშიში, რომ „აეროსქრინის“ ტესტებისას, საბურავი მულაჟის თავზე დამაგრებულ ჩაფხუტის ზედა ნაწილს შეეხო. ტესტებმა აჩვენა, რომ ეს კონტაქტი მინიმალური იყო და იმ ძალასაც, რომელსაც ამ შეხებისას საბურავი ჩაფხუტს გადასცემს, ჩაფხუტის მხრებზე სამაგრი სტრუქტურა (ჰანს-ი) აითვისებს და კისერს დარტყმითი დატვირთვისგან დაიცავს.

ამასთან, უაიტინგი ამბობს, რომ უსაფრთხოების არცერთი სისტემა პილოტს 100 პროცენტით ვერ იცავს. „ჩვენ ეს ვიცით, ეს ცხოვრებისეული ფაქტია. უნდა გააგრძელო ახალი საშუალებების დანერგვა, რათა მრბოლთა დაცულობა სულ უფრო ეფექტური გახდეს. მანქანა სულ უფრო მეტად და მეტად დაცული ხდბა. ბორბლის დამჭერი ბაგირების სიმტკიცეც სულ უფრო გაიზარდა, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როცა ბორბალი სძვრება მანქანას. ჩვენ უბრალოდ, რისკის მინიმიზებას ვცდილობთ და სწორედ ეს დანიშნულება აქვს უსაფრთხოების ყოველ ახალ სისტემას“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094905