ფეხბურთი

18:52 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” უცნაური ისტორია და ნაწყენი კასილიასი – არბელოა მეფესავით გააცილეს

მადრიდის “რეალიდან” ალვარო არბელოა გააცილეს. ისე, გაცილებასაც ხომ გააჩნია? – მადრიდული პუბლიკა ასე თავის ბევრ ლეგენდას არ მოჰპყრობია. საკმარისია, უახლოეს წარსულში გავიხედოთ და ერთი წლის წინ, იკერ კასილიასის გაცილება გავიხსენოთ, 12 ივლისს. უფრო სწორად გაცილება კი არა, “რეალიდან” წასვლა, როდესაც ბოლო პრესკონფერენციაზე იტირა, მშობლიური გუნდიდან ასე ნაადრევად და დაუმსახურებლად რომ უწევდა წასვლა...

სხვათა შორის, იკერმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ “რეალიდან” არბელოას მსგავს გაცილებას ყველა იმსახურებს... სიმართლე ვთქვათ და, იკერის სიტყვებში გულისწყვეტა ჩანდა – ბუნებრივიცაა.

“ყველა მოთამაშე, რომელიც მადრიდის “რეალში” თამაშობდა თუ თამაშობს, ასეთი გაცილება ეკუთვნის, კოლეგებისგან, ხალხისგან”, - თქვა კასიალიასმა.

ისე კი, “სანტიაგო ბერნაბეუს” ასე თბილად არც კიდევ ერთი ლეგენდა რაული გაუცილებია 2010 წელს, როცა გელზენკირხენის “შალკეში” მიდიოდა. მართალია, არბელოაც “რეალის” სკოლის აღზრდილი გახლავთ და “რეალის” მთავარ გუნდში 7 წელი ასპარეზობდა, მაგრამ მაინც უცნაური და გაუგებარია, რაულზე და კასილიასზე მეტად რითი დაიმსახურა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელების, ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივრების სიყვარული...

0.138416