თურქეთის სუპერლიგის მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის “ესქიშეჰირსფორმა” გასვლაზე 1:1 ითამაშა “გაზიანთეფთან” და ბოლოდან მესამე ადგილზე დარჩა, ლიგიდან კი სამი გუნდი ვარდება. ოქრიაშვილმა 87 წუთი ითამაშა და აქტიურიც გახლდათ: შეტევაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყოო, წერს თურქული ჰაბერ-ი. ორი ტური დარჩა და თორნიკეს გუნდს სუპერლიგაში დარჩენის შანსი ჯერ აქვს.
გერმანიის მესამე ლიგაში გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა: “ვერდერის” მეორე გუნდმა შინ 1:0 სძლია “შტუტგარტერ კიკერსს”, პაპუნაშვილი სასტარტოში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო. გოლის გატანა კი პირველ ტაიმში შეეძლო, მაგრამ მეკარემ მოიგერია მისი დარტყმული.
უკრაინაში “ჩერნომორეცი”-“მეტალისტი” 0:1 დასრულდა. წაგებულთა შორის დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. “ჩერნომორეცი” მე-11 (ბოლოდან მეოთხე) პოზიციაზეა.
პოლონეთში ლაშა დვალის “შლიონსკმა” შინ 2:1 სძლია “ტერმალიკას” და ქვედა რვა გუნდს შორის (ჩემპიონატში ქვედა და ზედა რვა გუნდად დაიყვნენ გუნდები) მეორე ადგილზეა. დვალმა 90 წუთი ითამაშა და ავტოგოლი მიითვალა: ბურთი ზურგზე მოხვდა და ასე შევარდა კარში.