თბილისში იმყოფება ტამაშ ფეჰერი. ძალოსნობის სამყაროში ცნობილი სპეციალისტი, რომელიც იყო დიდი ბრიტანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ბოლო პერიოდში სპორტის ამ სახეობაში, ერთ-ერთ წარმატებულ კონსულტანტად ჩამოყალიბდა.
ფეჰერს 35-წლიანი სამწვრთნელო პრაქტიკა აქვს. ტამაში ურუგვაიში დაიბადა, წარმოშობით კი უნგრელია. ის თბილისში სემინარებს ატარებს და ქართველი მწვრთნელები მისგან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებენ.
აღნიშნული სემინარების ჩატარებაში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია.
გიორგი ასანიძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი): „რა თქმა უნდა, მივესალმები ამ წამოწყებას. ასეთი მაღალი რანგის მწვრთნელები საქართველოში სემინარზე ჯერ არ ყოფილან. ეს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის და კონკრეტულად, პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის ენერგიის და ენთუზიაზმის დამსახურებაა.
ამ ვიზიტის მიზანი ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელების ერუდიციის გაზრდა, მათთვის აუცილებელი გამოცდილების გადაცემაა. ბევრ საინტერესოს მიიღებენ ჩვენი გამოცდილი მწვრთნელებიც. ძალოსნობა ვითარდება, შემოდის ბევრი ნოვაცია და ეს აუცილებელია ყველასთვის.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერს, ოლიმპიურ კომიტეტს. ძალიან კარგი და საჭირო საქმე კეთდება. ასე უნდა გავაგრძელოთ“.
სემინარები სასტუმრო „ირმენში“ ტარდება.