ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი მშობლიურ ამსტერდამის “აიაქსში” ბრუნდება. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პატრიკი დამდეგი სეზონიდან “აიაქსის” 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს.
39 წლის კლუივერტმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა და შემდგომ სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. თუმცა, აქამდე არცერთ დონეზე მთავარი მწვრთნელის რანგში არ უმუშავია.
იგი “ალკმაარში”, “ნაიმეგენსა” და ჰოლანდიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. კლუივერტს ფეხბურთელობისას “აიაქსის” შემადგენლობაში 1994-1997 წლებში უთამაშია და საკმაო წარმატებითაც. 1995 წელს, ლუის ვან გაალის მაშინდელმა გუნდმა “მილანს” სწორედ პატრიკის ერთადერთი გოლით მოუგო, რომელიც იმ დროს მხოლოდ 19 წლის გახლდათ.