კალათბურთი

22:08 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ  გაბრიჩიძე: "გუნდები მარტო ფედერაციის იმედად არ უნდა იყვნენ’’

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატი. შემდეგ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების შესარჩევი ტურნირების ჯერი დადგება. მათ შორის გამორჩეულ ინტერესს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების თამაში იწვებს, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი უხელმძღვანელებს.

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვეტერან კალათბურთელ მიხეილ გაბრიჩიძესთან, რომელსაც worldsport.ge ქართულ კალათბურთში მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ესაუბრა.

-ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კონკრეტულად როდის იწყებს ნაკრებთან მუშაობას ზუროსი?

-ამ ეტაპზე ბატონი ილიასი ქართველ ლეგიონერებს აკვირდება. პლეი -ოფისა და პლეი -აუტის დაწყების შემდეგ კი საქართველოში მოთამაშე კალათბურთელებს დააკვირდება.

-ევრო 2017-ის შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი პროგრამა როგორია?

-ახალი პროგრამა, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ, თითქმის ისეთივე იქნება, როგორც მისი წინამორბედი.

-ზუროსმა ნაკრებში თანაშემწეები თუ შეარჩია?

-მისი თანაშემწეების ვინაობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

-საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის იდგა ძლიერი ლეგიონერის პრობლემა. დღემდე რატომ ვერ ხერხდება ჩვენს ნაკრებში მისი შესაფერისი კანდიდატის შერჩევა?

- ნაკრების ლეგიონერს ფულს არ ვაძლევთ, ამიტომ რთულია ძლიერი, გამოცდილი მოთამაშის ჩამოყვანა. ბუნებრივია, რომ ძნელია დაითანხმო ნაკრებში თამაშზე ისეთი კალათბურთელი, რომელიც სეზონის განმავლობაში რამდენიმე მილიონს იღებს. ურჩევნია რთული სეზონის შემდეგ სადმე ნორმალურ ადგილას დაისვენოს. ამიტომ ჩვენს ნაკრებში თამაშით ისეთი სპორტსმენები, ძირითადად, ოკეანის გაღმელები ინტერესდებიან, რომლებიც ევროპული პასპორტის მიღების მსურველები არიან.

-მაშინ გადაუხადეთ ხელფასი ...

-ლეგიონერს რომ გაავუხადოთ, მაშინ ჩვენი კალათბურთელებიც მოითხოვენ. ამდენი შესაძლებლობა კი არ გვაქვს.

აქვე მინდა დავამატო, რომ 3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოვა, რომელსაც მიმდინარე წლის ივნისში ალმა-ატა ( ყაზახეთი) უმასპინძლებს.

-ქალთა ნაკრების შესახებ რას გვეტყვით?

-სხვადასხვა მიზეზების გამო ქალთა კალათბურთში ჩავარდნა იყო. ამიტომ ეროვნული ნაკრები არ გვყავს. გავაკეთეთ 16 და 18 წლამდელ გოგონათა ნაკრები გუნდები, რომელთა ბაზაზეც რამდენიმე წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს ჩამოვაყალიბებთ. ამ ეტაპზე 16 და 18 წლამდელთა ნაკრები გუნ დები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ,,C” ჯგუფში გამოვლენ. მათგან 18 წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირს მიმდინარე წლის ივლისში თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. 16 წლამდელები კი ანდორაში ითამაშებენ .

-კალათბურთით დაინტერესება თუ არის გოგონებში?

-ნამდვილად არ ველოდი, იმდენად დიდია გოგონების ინტერესი კალათბურთისადმი. მარტო თელავში მიმდინარე წელს კალათბურთის სექციაში 50-მდე გოგონა ჩაეწერა. ასევე დიდი დაინტერესებაა სხვა რეგიონებსა და თბილისში.

ზოგადად, ახალგაზრდებში ინტერესი ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ახალი საკალათბურთო დარბაზი მივიღეთ და რამდენიმე კაპიტალურად გარემონტდა, მაინც განვიცდით დარბაზების ნაკლებობას. კარგი იქნება, თუ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში უფრო მეტი საკალათბურთო დარბაზი იქნება.

-ვაჟთა შორის თუ გაამართლა ,,ა“ ლიგამ, სადაც ამ სეზონში მეორე ჩემპიონატი ჩატარდა?

-წინა სეზონისაგან განსხვავებით, ამჯერად ,,ა“ ლიგის გამარჯვებული გადათამაშების გარეშე პირდაპირ გადავიდა უმაღლეს ლიგაში. ამ პროექტმა გაამართლა და თამაშებიც უფრო დაძაბული იყო. ასევე გაიზარდა გუნდების დაფინანსება. წინანდელთან შედარებით ამ სეზონზე გუნდებმა 10000-ით მეტი, 60 000 ლარი მიიღეს.

-მომავალ სეზონშიც ხომ არ გაეზრდებათ გუნდებს დაფინანსება?

-თუ სახელმწიფო გაგვიზრდის დაფინანსებას, მაშინ გუნდებიც მეტ თანხას მიიღებენ.

-სუპერლიგით თუ ხართ კმაყოფილი?

-სუპერლიგაში მოასპარეზე გუნდების კლასი თითქმის გათანაბრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე იმატა დაძაბულმა შეხვედრებმა და ჩემპიონატიც უფრო სანახაობრივი გახდა.

-მსაჯების მიმართ როგორც გულშემატკივრები, ისე გუნდების წარმომადგენლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს...

- ჩვენს ჩემპიონატს 5 ფიბას მსაჯი ემსახურება. სადაც ადამიანის ფაქტორია, ყველგან შეიძლება შეცდომა გაიპაროს. მთავარია, ამ შეცდომებმა არ მიიღოს სისტემატიური ხასიათი. მთლიანობაში ვთვლი, რომ ჩვენს ჩემპიონატში ნორმალური მსაჯობაა.

-ახალგაზრდობა თუ არის დაინტერესებული მსაჯობით?

-უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯობა საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ახალგაზრდა მსაჯებს, რომ მეტად დაინტერესდნენ და კვალიფიკაციაც აიმაღლონ.

-ცნობილია, რომ სუპერლიგის მონაწილე თითოეული გუნდი 450 ათას ლარს იღებს. სამომავლოდ ხომ არ იგეგმება ამ თანხის გაზრდა?

-საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდები მარტო ჩვენი შემყურე არ უნდა იყვნენ და თვითონაც უნდა მოიძიონ სპონსორები. მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ შემოღებული იქნეს დაფინანსების ისეთი სისტემა, რომელიც მოთხოვს კლუბებს ადექვატური თანხების მობილიზებას სპონსორებისაგან.

0.121109