ჭიდაობა

15:22 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016! “ბერძენ-რომაელთა” ბოლო შანსი სტამბოლში

6-8 მაისს სტამბოლში, ჭიდაობაში, რიო დეჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბოლო საგზურები გათამაშდება. მსოფლიოს უკანასკნელ სალიცენზიო ტურნირზე ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

თურქეთში დარჩენილი სამი საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გაემგზავრება, რადგანაც “თავისუფლებს” ექვსივე ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვთ.

სტამბოლში ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხი (59), ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და ახალგაზრდებში და 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი იაკობ ქაჯაია (130) იასპარეზებენ.

ისიც ვთქვათ, რომ ბერძენ-რომელთაგან ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები უკვე მოპოვებული აქვთ შმაგი ბოლქვაძეს (66), ზურაბ დათუნაშვილს (75) და რევაზ ნადარეიშვილს (98).

ლას ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატის, კონტინენტური და მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირების მიხედვით, ჭიდაობის სამივე სახეობაში უკვე გაიცა 300 ოლიმპიური ლიცენზია, რომელიც 58 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს, სტამბულში კი დარჩენილი 36 საგზური გათამაშდება.

15 საგზურით ლიდერობს რუსეთის ნაკრები, აზერბაიჯანი მეორეა 13 საგზურით, ჩინეთს, ყაზახეთს და აშშ-ს 12 საგზური აქვთ მოპოვებული. საქართველოს, რუსეთს, ირანს და აზერბაიჯანს თავისუფალ ჭიდაობაში ექვსივე საგზური გააჩნიათ.

სტამბოლში 6 მაისს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ყველა კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ. 7 მაისი ქალებს დაეთმობათ, 8 მაისს კი ხალიჩაძე “თავისუფლებს” ვიხილავთ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

www.wrestling.ge

0.114442