ფეხბურთი

1:18 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის აკორდი მადრიდული დერბი იქნება (+VIDEO)

მაშ ასე, 28 მაისს, მილანში, “სან სიროს” სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ვინაობას მადრიდული დერბი გაარკვევს: “ატლეტიკო” – “რეალი”.

“სამეფო კლუბმა” დღეს ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ყველა კომპონენტში აჯობა და ფინალში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მატჩისა არ იყოს, მაინცდამაინც თვალწარმტაცი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა, მაგრამ გოლი მაინც გავიდა, რომელმაც ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა. ეს ყველაფერი კი, მე-20 წუთზე მოხდა, როცა გარეტ ბეილის შეჩერაბას სტუმართა საყრდენი ნახევარმცველი ფერნანდო შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ ეპიზოდის ანტიგმირი აღმოჩნდა, რადგან ავტოგოლი მიითვალა. ასე მოიგო “რეალმა” და მე-11 ტიტულისკენ გაიწია. მეტოქე ზინედინ ზიდანის გუნდს ნაცნობი ეყოლება. მარტო ის რად ღირს, რომ მადრიდული გუნდები არიან და მათ დაპირისპირებებს უდიდესი ისტორია გააჩნია. ამასთან, ზუსტად ორი წლის წინაც ლიგის ფინალი ანალოგიური გახლდათ და მაშინ “სამეფო კლუბმა” “როხიბლანკოს” უდრამატულეს შეხვედრაში აჯობა. რა, როგორ იყო ვგონებ ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა, ეს არ ყოფილა მათი ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე – შარშან, “რეალმა” დიეგო სიმეონეს ბიჭებს მეოთხედფინალში აჯობა – 1:0.

მოკლედ, ახლა “ატლეტიკოს” რევანში აქვს ასაღები. ეს, ჩემპიონთა ლიგაზე, თორემ ესპანეთის ჩემპიონატში პირიქით, “ატლეტიკო” უფრო დამაჯერებლად თამაშობს ხოლმე ბოლო წლებში...

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მადრიდული გრანდი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. “მანჩესტერ სიტიმ” “რეალს” ვერც დღეს და ვერც ერთი კვირის წინ, რეალური სახიფათო მომენტი ვერ შეუქმნა და კარგად გამოჩნდა, რომ ამ გუნდის მაქსიმუმი ნახევარფინალი გახლდათ. მეტიც, შესაძლოა, მანუელ პელეგრინის გუნდი ნახევარფინალის ღირსიც არ იყო... ფეხბურთი მარტივი თამაშია, იმისათვის რომ მოიგო, გოლი უნდა გაიტანო, გოლი რომ გაიტანო, კარში უნდა დაარტყა – “სიტის” კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” კეილორ ნავასის კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაურტყამს... ვგონებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. სხვათა შორის, “რეალს” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 10 ჩატარებულ თამაშში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული და 9 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა! ფენომენალური შედეგია, თუმცა “რეალისგან”, რომელიც დაცვაში კარგი თამაშით არასდროს გამირჩეოდა, ცოტა გასაკვირი...

მოკლედ ასე, “სან სიროზე” “რეალი” – “ატლეტიკო” იქნება. ბოლოს ამ ლეგენდარულ სტადიონზე ლიგის ფინალი 2001 წელს გაიმართა და მაშინ მიუნხენის “ბაიერნმა” მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ესპანურ “ვალენსიას” აჯობა. პირინეული გუნდი თასს ამჯერად აპენინის მიწაზე ნამდვილად აღმართავს. საკითხავი ისაა, რომელი იქნება ის – “რეალი” თუ “ატლეტიკო”.

“რეალი” – “მანჩესტერ სიტი” 1:0 (1:0) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 70 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 88), ისკო (ხამესი 67); ხესე (ვასკესი 56), რონალდუ, ბეილი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, კომპანი (მანგალა 10), ოტამენდი, კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; ნავასი (იენაჩო 69), ტურე (სტერლინგი 69), დე ბრუინი; აგუერო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლი: 1:0 ფერნანდო (20, ა.გ)

გაფრთხილება: ვასკესი (83) – დე ბრუინი (30), ფერნანდო (71), ოტამენდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 4 (0) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

0.119012