თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლოსწინა 29-ე ტურში ვიქტორ სანიკიძის “ანკარა ტედ კოლეჯლილერი” ლიდერ “ანადოლუ ეფესს” დაუხვდა და 66:89 დამარცხდა, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 30:36 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ვიქტორმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულინი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ანკარელებს 9 მოგების წილ მე-20 მარცხი მოუგროვდათ, თუმცა, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, რადგანაც წააგო მათმა უშუალო კონკურენტმა “ტურკ ტელეკომმაც”. არადა, ამ გუნდმა სტამბოლში “გალათასარაისთან” ნამდვილი ომი გადაიტანა და 3 (!) ოვერტაიმის თავზე 134:139 დამარცხდა.
20 მოგებით და 9 მარცხით მე-3 ადგილს ინარჩუნებს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა”, რომელმაც “ტრაბზონსფორი” 76:71 დაამარცხა.
ქართველმა მცველმა მოედანზე 23:23 წუთი დაჰყო და 10 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მარკოიშვილმა 3-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
რეგულარული პირველობის ბოლო ტური 7-10 მაისს გახლავთ დაგეგმილი. “დარუშაფაკა”, რომელსაც პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს, “ანადოლუ ეფესს” ესტუმრება, ხოლო “ანკარა ტედ კოლეჯლილერი” სტუმრად “გაზიანთეფის” წინააღმდეგ გაირჯება.