გუშინ შევარდენის სანაკრებო ბაზამ ქართულ-ფრანგულ სამოყვარულო მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს პირველი და უძველესი ქართული სამოყვარულო რაგბის კლუბი “დევები” და პარიზელი ადვოკატების სამოყვარულო კლუბი “პალე” ეთამაშნენ.
სტუმართა კლუბი საფრანგეთში სხვადასხვა პროფესიის სამოყვარულო კლუბებს ეპაექრება, ხოლო 6 ერის მატჩების დროს ინგლისელ, ირლანდიელ, შოტლანდიელ უელსელ და იტალიელ ადვოკატებს სტუმრობს საბურთაოდ.
„პარიზელი ადვოკატები ვართ და კვირის განმავლობაში, ძალზე დამღლელი პროცესების შემდეგ რომ განვიტვირთოთ, სამშაბათობითა და შაბათობით ვიკრიბებით და ვთამაშობთ. ისევე, როგორც საქაღთველოში ჩვენც ძალიან გვიყვარს რაგბი და ესაა ჩვენთვის განტვირთვისა და მოლხენის საუკეთესო შესაძლებლობა“, - განაცხადა წარმოშობით ქუთაისელმა, პარიზელმა ადვოკატმა, მერაბ მურღულიამ.
„სასწაული შეგრძნება მქონდა! ჩემს გუნდთან, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემს სამშობლოში ჩამოვედი რაგბის სათამაშოდ. მინდა ჩემა გუნდს მადლობა გადავუხადო, რადგან დღევანდელ თამაშზე მათ კაპიტნობა მანდეს, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. გუნდში ხშირად ვსაუბრობდი საქართველოს შესახებ და ყოველთვის მინდოდა, რომ აქ ჩამოვსულიყავი“ - დასძინა მურღულიამ.
პარიზელ ვექილებს, კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყველაზე ძველი ქართული სამოყვარულო კლუბი, თბილისელი “დევები” დაუხვდნენ. “დევებისთვის” ეს უცხოური გუნდის წინააღმდეგ თამაშის პირველი შემთხვევა ნამდვილად არ იყო – ქართველ მოყვარულებს თბილისში ინგლისური “სევენოუქსის” ვეტერანებისთვის, ინგლისელი, ფრანგი და ირლანდიელი ემიგრანტებისგან შემდგარი პოლონური “ოლდქოჯერსისთვის” და მოსკოველი “დრაკონებისთვის” უმასპინძლიათ. გასვლაზეც არაერთ საერთაშორისო-სამოყვარულო ტურნირზეც უასპარეზიათ, ბაქოს 7-კაცა რაგბის ტურნირზე კი აზერბაიჯანის ნაკრებსაც ეთამაშნენ.
დევებში 9 ნომრად რამდენჯერმე “ბორჯღალოსანთა” თავკაცმა, მილთონ ჰეიგმაც ითამაშა და კლუბის კვართი არა ერთ ვეტერან “ბორჯღალოსანსაც” მოურგია. გუშინდელ მატჩშიც ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ იბურთავეს. თამაში საკმაოდ ლაღი და კარგი საცქერი გამოდგა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 10:7 მოიგეს. მეორე ნახევარში ანგარიში 23-მდე გაზარდეს, მაგრამ არც “დევები” იყვნენ გულხელდაკრეფილნი, სტუმრების ლელოებს ლელოებითვე უპასუხეს და საბოლოოდ, სამი ქულის სხვაობით – 26:23 გაიმარჯვეს.
საფრანგეთში დაბრუნებამდე “პალე” კაპიტნის მშობლიურ ქალაქს, ქუთაისს ესტუმრება, სადაც 6 მაისს ქუთაისის “აიას” ვეტერანებს ეთამაშება.
www.rugby.ge







