იტალიური მედიის პროგნოზი გამართლდა და ვეტერანი ფორვარდი ლუკა ტონი საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ დღეს, თავად 38 წლის თავდამსხმელმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება გაუძნელდა, მაგრამ კვირას, ტურინის “იუვენტუსთან” მატჩში მოედანზე ბოლოჯერ გავა.
“ფეხბურთში გატარებული წლების შემდეგ კვირას ბოლჯერ ვითამაშებ, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. “ბენტეგოდიზე”, “იუვენტუსთან” მატჩით წერტილს დავსვამ. ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დრო მოვიდა საფეხბურთო კარიერა დავასრულო. აღნიშნულზე ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი და ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი გახლდათ”, - განაცხადა ტონიმ.
ლუკა ტონი XXI საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი გახლდათ. მას კარიერაში 323 გოლი აქვს გატანილი, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე. იტალიის სერია A-ში კი თავი 156-ჯერ გამოიჩინა. 4-ჯერ გახდა სხვადასხვა ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი. კერძოდ, ორჯერ იტალიის ჩემპიონატის, 2005-2006 წლების სეზონში - 31 გოლით და 2014-2015 წლების სეზონში - 22 გოლით. 2007-2008 წლების სეზონში მან გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორის პრიზი მოიგო 24 გატანილი ბურთით, ხოლო 2003-2004 წლებში სერია B-ში იპირველა. 2007-2008 წლებში კი ბუნდესლიგის გარდა, უეფას თასის საუკეთესო გოლეადორიც გახდა.
გარდა ამისა, ლუკამ 2006 წელს “ოქროს ბუცი” მოიგო. სხვათა შორის, იგი ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც იტალიისა და გერმანიის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოუგია.
ტონის კარიერის პიკად სწორედ 2006 წელი მიიჩნევა, როდესაც იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. გერმანიაში გამართულ მუნდიალზე ტონიმ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 2 გოლის გატანა შეძლო.