ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლის წინ, მისი ვარსკვლავის გახსნით დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაგრძელდა.
სიტყვით გამოვიდნენ იუბილეზე მიწვეული სტუმრები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, ლიზა ბაგრატიონი, გიო ხუციშვილი, ანსამბლი ,,შვიდკაცა“ და სუხიშვილების ანსამბლი.
გია გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): ,,მადლობა ყველას, მათ შორის, ფიდეს მაღალჩინოსნებს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საჭადრაკო ფედერაციების წარმომადგენლებს, რომლებიც იუბილეზე ჩამოვიდნენ.
რომ არა ნონა, არ გვეყოლებოდნენ ნანა, მაია და მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მოგება მოახერხა. გადაწყვეტილი გვაქვს, ვერის ბაღში დაიდგას ქალთა ჭადრაკის დიდების ძეგლი. დღეიდან ცხადდება კონკურსი მისი საუკეთესო პროექტისთვის.
თბილისის მერის დავით ნარმანიას დახმარებით, მოპირკეთდა ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის შესასვლელი. იმედია, თბილისის მერია დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს...”.
კირსან ილუმჟინოვი (ფიდე-ს პრეზიდენტი): ,,ფიდე თავის რიგებში 187 ქვეყანას აერთიანებს. ამის იმის თქმა მინდა, რომ ჭადრაკი მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა. ქალბატონმა ნონამ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის საქმეში დიდი როლი ითამაშა. ყალმუხეთში სტუმრობის დროს იგი რაიონული ცენტრიდან მოშორებულ დასახლებებში მისივე მოთხოვნით აწყობდა ხოლმე ერთობლივი თამაშების სეანსებს. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მინდა ქალბატონ ნონას ჭადრაკის დედოფლის კაისას თასი გადავცე“.
ზურაბ აზმაიფარაშვილი (ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი): ,,მე ნამყოფი ვარ ქალბატონი ნონას სახლში, რომლის ერთ-ერთი ოთახი მის მიერ მოპოვებული პრიზებითა და საჩუქრებითაა სავსე. ვერ ვხვდები, დღევანდელ საჩუქრებს სად უნდა მიუჩინოს ადგილი. გადავწყვიტე, მივიწვიო ევროპის საჭადრაკო კავშირის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ტურნირზე, სადაც მას ჩვენ დავაფინანსებთ. ქალბატონ ნონას უფლება აქვს, სტატუსი თვითონ შეარჩიოს. მას შეუძლია იყოს ტურნირის მონაწილე ან ტექნიკური წარმომადგენელი“.
ლერი ხაბელოვი (სეოკ-ის პრეზიდენტი): ,,ქალბატონი ნონა დღემდე რჩება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ოჯახის წევრად. მოგეხსენებათ, ის სეოკ-ის პირველი პრეზიდენტიც იყო. ხელთ მაქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) პრეზიდენტის თომას ბახის წერილი, რომელიც ქალბატონ ნონას იუბილეს ულოცავს. სეოკ-მა დააწესა ოლიმპიური ლიდერის ორდენი, რომლის პირველი მფლობელიც ქალბატონი ნონა გახდა“.
დავით ნარმანია (თბილისის მერი): ”დღევანდელი საღამოს წინ ჩვენ ვნახეთ ფილმი ქალბატონი ნონას მოღვაწეობის შესახებ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც მან გააკეთა და აკეთებს. ვიღებ გამოწვევას და ვეცდებით, გავაგრძელოთ თბილისის ჭადრაკის სასახლის კეთილმოწყობა, რომელიც, იმედია, საინტერესო საჭადრაკო ღონისძიებებს უმასპინძლებს“.
მაირ მამედოვი (,,სოკარის“ პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): ,,მოჭადრაკე ვაჟთა შორის დღესაც დაობენ, თუ ვინ არის პირველი, ალიოხინი, ფიშერი თუ კასპაროვი? ქალთა შორის ნონა უკონკურენტოა. ის საუკეთესოა. ამიტომაც, დაწესდა ნონას სახელობის თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე ვაჟთა და ქალთა შორის, საუკეთესო ჯამური შედეგის მქონე ქვეყანას გადაეცემა. მალე დაიწყება 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც აზერბაიჯანი უმასპინძლებს. ვეცდებით, ეს პრიზი ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვოს“.
ჯანსუღ ჩარკვიანი (პოეტი): ”თქვენ 75-ს გახდით, მე 85-ს ვარ. რაც დამრჩენია, თქვენ გჩუქნით. ქალბატონო ნონა, თქვენ ყველას უყვარხარ, თქვენ მსოფლიო გიცნობთ“.
ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): ,”დღეს იმდენი ითქვა ქალბატონი ნონას შესახებ, ძნელია, რაიმე ახალი დაამატო. ყველაფრის მიუხედავად, სიახლე მაინც მაქვს. ნონა გაფრინდაშვილს ქართული სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა“.
ასევე სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და სომხეთის საჭადრაკო სამყაროს წარმომადგენლები, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში ნინო გურიელი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი და სხვები.
ქალბატონ ნონას სიურპრიზი მოუწყო უმცროსმა შვილიშვილმა ნიკა ჭიჭინაძემ, რომელმაც საღამოს ბოლოს ბებიას უმღერა.
ნონა გაფრინდაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და იუბილეზე მისულ სტუმრებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, მადლობა გადაუხადა.