ფეხბურთი

10:00 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" VS "სიტი"

მადრიდის “რეალი” ან “მანჩესტერ სიტი” – ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იქნება. თუ მადრიდული გრანდისთვის ზემოაღნიშნული უცხო ნამდვილად არაა, “სიტის” ასეთი წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია. პირველი მატჩი “ეტიჰად სთედიუმზე” გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შესაბამისად დღეს, ინგლისელებს შედეგიანი ფრეც ხელს აძლევთ. თუმცა, რამდენად მოახერხებს მანუელ პელეგრინი გუნდი ამის გაკეთებას დრო გვაჩვენებს.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის პარალელურად ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის და ლიდერ “ბარსელონას” ქულით ჩამორჩება. “ბლანკოსმა” ბოლო ტურში “სოსიედადს” გარეტ ბეილის გვიანი გოლით მოუგო. ეს, “სამეფო გუნდის” ზედიზედ მეათე მოგება გახლდათ ლა ლიგაში. რაც შეეხება, “სიტის” მას პრემიერლიგაში მძიმე მდგომარეობა აქვს: “ქალაქელებმა” ბოლო ტურში “საუთჰემპტონთან” 2:4 წააგეს და მესამე ადგილიც დაკარგეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა პლეი-ოფით მოუწევს. თუ რა თქმა უნდა, მიმდინარე ლიგა ტრიუმფით არ დაასრულა. აღნიშნულ მატჩში დუბლით გამოირჩა კელეჩი იენაჩო – ახლაგაზრდა ფორვარდი ნელ-ნელა თავს იმკვიდრებს მანჩესტერულ კლუბში, მაგრამ დღეს ისევ თადარიგში დარჩება.

“სიტი” მადრიდში დანაკლისით ჩავიდა: გამორიცხულია წინა მატჩში დაშავებული დავიდ სილვას თამაში, ხოლო იაია ტურეს მიმართ დამაიმედებელ პროგნოზს მედიკოსები ვერ იძლევიან. მოკლედ, პელეგრინის ამ მხრივ საფიქრალი არ აკლია.

რაც შეეხება “რეალს” – “სამეფო გუნდის” ბანაკში მეტად სასიხარულო ინფორმაციაა: გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა, რომელიც დღეს სასტარტოში იქნება. პორტუგალიელს ტრავმის გამო ბოლო სამი მატჩი გაუცდა და სხვათა შორის, “რეალს” სამივე შევხედრაში ძალზე გაუჭირდა. აქვე გეტყვით, რომ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით მისივე დამყარებული რეკორდის მოხსნის შანსი აქვს – ამისათვის ლუზიტანელმა შემტევმა ერთი გოლი უნდა გაიტანოს. სამაგიეროდ, ვერ ითამაშებს ქარიმ ბენზემა, რომლის ტრავმის შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, ხოლო მის გარდა, ზინედინ ზიდანს კაზემიროს იმედი არ ექნება. არადა, ბრაზილიელი ბოლო დროს ფრანგის ტაქტიკურ მონახაზში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა.

ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “კრიშტიანუ რონალდუ 100%-ით ითამაშებს. მან უკვე ივარჯიშა და არანაირი პრობლემა არ აქვს. ბოლო კვირაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მისი დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

თუ ფინალში ვერ გავედით, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. პირველ მატჩთან შედარებით ახლა თამაში უფრო რთული იქნება, რადგან ყველაფერი ამ შეხვედრაში წყდება. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით შეტევაში. თუმცა, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ. ვფიქრობ, არ იქნება ისეთი თამაში, როგორიც “ვოლფსბურგთან” საპასუხო მატჩში იყო. არმგონია, ორი ან სამი გოლი 15 წუთში გავიტანოთ. ეს ყველანაირად განსხვავებული თამაში იქნება და პირველიდან ბოლო წუთამდე ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამასთან მშვიდად.

მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ფიქრია საჭირო. ჩვენ ვეთამაშებით ურთულეს მეტოქეს. თუნდაც, სერხიო აგუეროს განსაკუთრებული ტაქტიკა არ სჭირდება, იგი მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია”.

მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გასვლაა. “სანტიაგო ბერბეუზე” დაბრუნება ყოველთვის შესანიშნავი გრძნობაა – აქ კარგი მოგონებები მაკავშირებს. სტადიონზე ატმოსფერო ყოველთვის მაღალია, მაგრამ ჩემ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.

შეგვიძლია კლუბის ისტორიაში შევიდეთ, მაგრამ ამისათვის კარგად უნდა ვითამაშოთ. მანჩესტერში ბევრი ბურთი დავკარგეთ, თუმცა ეს არ იყო პოზიტიური დღე. დღეს ბურთი უნდა ვაკონტროლოთ და პირველიდან ბოლო წუთამდე შევუტიოთ. დიდი მატჩების ბედს ყოველთვის დიდი ფეხბურთელები წყვეტენ, მაგრამ “რეალს” მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ ჰყავს”.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო; მოდრიჩი, კროოსი, ისკო; ბეილი, ხესე, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, ოტამენდი, კომპანი, კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; ნავასი, დე ბრუინი, სტერლინგი; აგუერო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“მანჩესტერ სიტი” ნახევარფინალში პირველად თამაშობს. მადრიდის “რეალი” კი 27-ედ და ეს სარეკორდოა მაჩვენებელია. აქამდე “ბლანკოსს” 26 მცდელობიან ფინალში გასვლა 13-ჯერ მოუხერხებია. შარშან იგი ამავე ეტაპზე ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა.

ისე კი, “სიტი” ევროტურნირების ნახევარფინალში მესამედ გავიდა. ბოლოს ის საუკეთესო ოთხეულში შორეულ 1970 წელს გახლდათ, როდესაც თასების თასზე გელზენკირეხნის “შალკესთან” ორი მატჩის ჯამში 2:5 დამარცხდა.

მთლაინად ევროასპარეზზე “რეალი” 32 ნახევარფინალს ითამაშებს. 17 შემთხვევაში იგი ფინალში გავიდა, ხოლო დანარჩენ 14 ჯერზე წააგო. ჩემპიონთა ლიგაზე კი მიჯრით მეექსვედაა ოთხეულში. აქედან ფინალში თამაში ერთადერთხელ მოახერხა 2014 წელს, როდესაც “ბაიერნის” ბარიერი დაძლია.

პრეცედენტი

ოფიციალურ მატჩებში ეს გუნდები ერთმანეთს 20120-2013 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ, მადრიდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს კრიშიტანუ რონალდუმ კი 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. არადა, მანამდე მთლი თამაში სტუმრები იგებდნენ. 2012 წლის 18 სექტემბერს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

რეალი”: კასილიასი, არბელოა, პეპე, ვარანი, მარსელო, ხედირა (მოდრიჩი 73), ჩაბი ალონსო, დი მარია, ესიენი (იოზილი 65), რონალდუ, იგუაინი (ბენზემა 73)

სიტი”: ჰარტი, მაიკონი (ზაბალეტა 74), კომპანი, ნასტასიჩი, კლიში, ხავი გარსია, ტურე, ბერი, სილვა (ჯეკო 63), ნასრი (კოლაროვი 37), ტევესი

საპასუხო მატჩი კი 21 ნოემბერს, მანჩესტერში ფრედ – 1:1 დასრულდა:

სიტი”: ჰარტი, მაიკონი, ზაბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი (ხავი გარსია 46), ნასრი, (ტევესი 60), ტურე, სილვა, აგუერო (მილნერი 88), ჯეკო

რეალი”: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, ხედირა, ჩაბი ალონსო, დი მარია (ალბიოლი 87), მოდრიჩი (კალეხონი 68), რონალდუ, ბენზემა (ვარანი 75)

მაშინ, “რეალი” ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა დორტმუნდის “ბორუსიის” შემდეგ, ხოლო “სიტიმ” ასპარეზობა ბოლო პოზიციაზე დაასრულა.

სხვადასხვა

მერვედიფნალში კიევის “დინამოსთან” (3:1) მოგება პირველი იყო ინგლისური გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე. უკრაინელებს “ქალაქელებმა” პსჟ-ც ზედ მიაყოლეს.

“სიტიმ” წლეულს ჯგუფში ერთი ესპანური გუნდი უკვე დაამრცხა. კერძოდ, “სევილიას” შინაც მოუგო და სტუმრადაც – 2:1, 3:1.

პლეი-ოფში კი “სიტის” პირინელებთან თამაში სულ ოთხჯერ მოუწია და შემდეგ ეტაპზე ერთადერთხელ გააღწია.

თუ “სიტი” ნახევარფინალში აქამდე არასდროს ყოფილა, აქ თამაშის გამოცდილება გააჩნია მათ თავკაც მანუელ პელეგრინის. ჩილელის გაწვრთნილი “ვილიარეალი” 2006 წელს ამავე ეტაპზე “არსენლათან” დამარცხდა (0:1).

„რეალს“ უკვე ცხრა თამაშია ალბიონელებთან აღარ წაუგია (6 მოგება, 3 ფრე). ბოლოს “რეალი” 2009 წელს, “ენფილდ როუდზე” დამარცხდა 0:4.

ინგლისური გუნდების ბარიერი ესპანელებმა პლეი-ოფში 7-ჯერ დაძლიეს, ოთხჯერ კი ვერ.

„სამეფო კლუბს“ ინგლისურ გუნდებთან შემდეგნაირი ბალანსი აქვს: 13 მოგება, 9 ფრე, 10 წაგება.

ფეხბურთელები და მწვრთნელები

მანუელ პელეგრინი 2009-2010 წლების სეზონში “რეალს” ედგა სათავეში და ლა ლიგაში კლუბის რეკორდი დაამყარა 96 ქულის მოპოვებით, მაგრამ სეზონი “ბარსელონას” შემდეგ მაინც მეორე ადგილზე დაასრულა. ალბათ, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოთი მისი ჩანაცვლების. ჩემპიონთა ლიგაზე კი პელეგრინის “რეალი” მერვედფინალში “ლიონთან” დამარცხდა (1:2).

პელეგრინი “რეალის” დღევანდელი ფეხბურთელებიდან რონალდუს, სერხიო რამოსს, პეპეს, მარსელოს, ბენზემასა და არბელოას ავარჯიშებდა.

ჩილელი 2004-2009 წლებში “ვილიარეალს” წვრთნიდა და 2007-2008 წლების სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე გაიყვანა. “ყვითელი სუმბარინა” მაშინ სწორედ “რეალს” ჩამორჩა. 2010-2013 წლებში კი “მალაგას” დამრიგებელი გახლდათ. “რეალთან” პელეგრინის ბალანსი ასეთია: 3 მოგება, 5 ფრე, 10 წაგება.

რონალდუ 2004-2009 წლებში “სიტის” მოსისხლე მტერ “იუნაიტედში” ირჯებოდა. “მანკუნიალეთა” მაისურით ინგლისში პორტუგალიელმა 196 მატჩში 84 გოლი შეაგდო. კრიშტიანუმ “სიტისთან” 7 თამაში მოიგო, 3 წააგო, ერთხელ კი დაზავდა. სხვათა შორის, იგი მანჩესტერულ დერბიში ორჯერ გააძევეს, 2004 და 2008 წელს. Oრჯერვე “ეტიჰად სთედიუმზე”.

სერხიო აგუერო “ატლეტიკოს” ღირსებას 5 წელი იცავდა, მაგრამ “რეალი” არასდროს დაუმარცხებია: 3 ფრე, 8 წაგება. ისე კი, სამი გოლი მადრიდელთა კარში გაუტანია.

გარეტ ბეილმა 2012 წელს “ტოტენჰემის” შემადგენლობაში “სიტის” ერთი გოლი გაუტანა.

ალვარო არბელოას 2009 წლის თებერვალში “სიტისთან” ავტოგლი აქვს გატანილი.

0.4126