ფეხბურთი

10:00 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" VS "ატლეტიკო" - ვინ გაემგზავრება მილანში?

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი – მიუნხენის “ბაიერნი” ან მადრიდის “ატლეტიკო”. ეს გუნდები ერთმანეთს დღეს საღამოს “ალიანს არენაზე” შეხვდებიან და გერმანული გიგანტი ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება.

ორივე გუნდის თავკაცი აღიარებს, რომ ურთულეს შეხვედრას ელიან, მაგრამ იქვე დასძენენ, ჩვენი ერთადერთი მიზანი ფინალში გასვლააო. “ბაიერნი” დღევანდელ მატჩს ცოტა არ იყოს, ცუდ ხასიათზე ხვდება. “რეკორდმაისტერს” შაბათს “ვერცხლის სინის” მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ შინ “გლადბახს” (მიჯრით მეოთხედ) ვერ მოუგო და ჩემპიონობა ერთი კვირით გადაედო. ისე კი, “ბაიერნს” ესპანურ გუნდებთან შინ დიდებული სტატისტიკა აქვს: ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ წააგო. გარდა ამისა, სამთვიანი პაუზის მერე გუნდს უბრუნდება წამყვანი ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, რომელიც დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება. იგი ხავი მარტინესს შეუწყვილდება.

კარგ ხასიათზეა “ატლეტიკო” – იმის გარდა, რომ “როხიბლანკოს” პირველი მატჩი აქვს მოგებული, ჩინებულ ფორმაშია. იან ობლაკს გოლი უკვე 602 წუთია არ გაუშვია და მშრალ სერიას მიუნხენშიც თუ გააგრძელებს, ფინალშიც ითამაშებს. ამასთან, დიეგო სიმეონეს შეგირდებმა მოახერხეს და მიჯრით 7 თამაში მოიგეს. მოკლედ მშვენიერი მაჩვენებელია.

ბოატენგისა არ იყოს, წამყვანი მცველი ესპანელებსაც უბრუნდებათ – ორკვირიანი უქმობის მერე მწყობრშია და დღეს მოედანზეც გავა დიეგო გოდინი, რომელიც “ატლეტიკოსთვის” მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა.

პეპ გვარდიოლა (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენ გოლს გავიტანთ. პირველი საფიქრალია, რომ თავი კარგად დავიცვათ და თამაში გავაკონტორლოთ. მინდა, ბურთს ვფლობდეთ და გოლები გავიტანოთ. “ატლეტიკო” დაცვაში ძალიან ძლიერია, მაგრამ იგივეს ვიტყოდი თავდასხმაზეც, ეს ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდია.

ეს ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშია მიუნხენში. გერმანიაში განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. მე ბევრი ვისწავლე და ბევრი ტიტულიც მოვიგე მას შემდგომ, რაც აქ მოვედი. თუმცა, ამ ტურნირის ფინალში გასვლა ყოველთვის ურთულესია”.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “ფეხბურთი ფანტასტიური სპორტია. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ამ ბიჭებთან მუშაობით. ამ ოთხ წელიწადში დიდი სამუშაო გავწიეთ, გვყავდა სხვადასხვა ფეხბურთელები, მაგრამ ყველასთან მუშაობით ბედნიერი ვარ. შედეგები ყველაფერს ამბობენ...

პირველ თამაშში ფორმაში ვიყავით და დღესაც ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან “ბაიერნიც” კარგ ფორმაშია. ყველა თამაში განსხვავებულია – მოგება გვინდა, ეს ჩვენი ერთადერთი მიზანია. კარგად თამაშიც გვსურს, მაგრამ ყველაზე მთავარი ახლა ფინალში გასვლაა”.

“ბაიერნი” – “ატლეტიკო”

3 მაისი, 22:45 საათი

მიუნხენი, “ალიანს არენა”

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ალონსო; დუგლას კოშტა, მიულერი, ვიდალი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი; საულ ნიგეზი, გაბი, აუგუსტო, კოკე; გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

პრეცედენტი

ეს ორი გუნდი აქამდე ერთმანეთს ერთადერთხელ (ან გნებავთ ორჯერ) შეხვდნენ. 1974 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში 120 წუთი ყაიმით დასრულდა და გადათამაშება გერმანულმა გრანდმა 4:0 მოიგო. 1974 წლის 15 მაისს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

ბაიერნი”: მაიერი, ჰანსენი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, ბრაიტნერი, როტი, ზობელი, კაპელმანი, ტორსტენსონი (დურნბერგერი 75), მიულერი, ჰიონესი

ატლეტიკო”: რეინა, მელო, ჰერედია, ეუსებიო, კაპონი, ადელარდო, არაგონესი, სალსედო (ალბერტო 85), უფარტე (ბეკერა 60), ირურეტა, გარატე

ორი დღის მერე გამართულ გადათამაშებაში კი მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გავიდნენ:

ბაიერნი”: მაიერი, ჰანსენი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, ბრაიტნერი, როტი, ზობელი, კაპელმანი, ტორსტენსონი, მიულერი, ჰიონესი

ატლეტიკო”: რეინა, მელო, ჰერედია, ეუსებიო, კაპონი, ადელარდო (ბენეგასი 59), არაგონესი, სალსედო, გარატე, ალბერტო (უფარტე 65), ბეკერა

სხვადსხვა

ატლეტიკო

მადრიდული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში მეხუთედაა. ორი წლის წინ მათ “ჩელსის” აჯობეს (3:1). წინა ოთხი შემთხვევიდან ესპანელები ფინალში ორჯერ გავიდნენ.

ევროტურნირებze“ატლეტიკო” ნახევარფინალში გერმანულ გუნდს მეხუთედ ხვდება. წინა ოთხი შემთხვევიდან ესპანელები ფინალში სამჯერ გავიდნენ. მთლიანობაში პლეი-ოფში “ატლეტიკოსა” და ალემანური გუნდების გზები 14-ჯერ გადაიკვეთა და “როხიბლანკო” დამარცხებული ოდენ 4 შემთხვევაში გამოვიდა.

ბაიერნი

“ბაიერნს” ესპანეთში ბოლო ორი ნახევარფინალი წაგებული აქვს – 2014 წელს “რეალთან” (0:1) და შარშან “ბარსელონასთან” (0:3).

“ბაიერნი” ნახევარფინალში მეთვრამეტედაა. წინა 17 შემთხვევიდან მიუნხენური გიგანტი ფინალში 10 ჯერ გავიდა, ხოლო შვიდჯერ – ვერ.

ესპანური გუნდების წინააღმდეგ კი ნახევარფინალში 10-ჯერ უთამაშია და უპირატესობას ფლობს: 7 მოგება, 3 წაგება. ეს ორმატჩიანი ანგარიშიდან გამომდინარე, ხოლო უშუალოდ მატჩებს რაც შეეხება, 9 მოგება, 8 წაგება.

ფეხბურთელები და მწვრთნელები:

სიმეონე და გვარდიოლა ფეხბურთელობისას ერთმანეთს ბევრჯერ შეხვედრილან. კერძოდ, 10-ჯერ. სიმეონემ სამჯერ იმარჯვა, გვარდიოლამ ოთხჯერ. არგენტინელის “ატლეტიკომ” პეპის “ბარსა” 1996 წელს სამეფო თასის ფინალშიც დაამრცხა (1:0). ამასთან, დიეგოს არგენიტნის ნაკრებმა გვარდიოლას ესპანეთს ამხანაგრუი მატჩი მოუგო 1999 წლის 17 ნოემბერს.

მწვრთნელობისას კი აქამდე ერთადერთხელ მოუწიათ დაპირისპირება: 2013 წლის 12 მაისს და გვარდიოლას “ბარსელონამ” 2:1 მოიგო.

პეპი ფეხბურთელობისას “ატლეტიკოს” 22-ჯერ შეხვდა და ერთი გოლიც გაუტანა (13 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება). ხოლო მწვრთნელის რანგში 10-დან რვაჯერ მოუგო.

არტურო ვიდალის “იუვენტუსმა” “ატლეტიკოსთან” შარშან ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად წააგო (0:1).

0.206337