ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ფრანგულ კან-სურ-მერში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გააღწია.
კვალიფიკაციაში მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ ფრანგებთან 2 გამარჯვება იზეიმა: ჯერ კლერ ფეუერსტეინს სძლია 6:4, 6:2, შემდეგ კი მორგან პონსსაც აჯობა – 7:6 (7:2), 7:5.
ძირითად ბადეში ეკატერინეს მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე რუსი ელიზავეტა კულიჩკოვა იქნება.
თურქეთის კურორტ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან შეჯიბრში იასპარეზებს მარიამ ბოლქვაძე. მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი საწყის შეხვედრაში ტაივანელ ენ-პეი ჰუანგს გაეჯიბრება.
წყვილებში ბოლქვაძეს და ბრიტანელ ჰარიეტ დარტს მე-2 რეიტინგი აქვთ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.