კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ამის შესახებ თავად პორტუგალიელმა ვარსკვლავმა განაცხადა. მისი თქმით, იგი ამაში დარწმუნებულია.
“სიტის” წინააღმდეგ ვითამაშებ, დარწმუნებული ვარ. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა სპეციფიკის ტურნირია – ყოველი მატჩი თითქოს პირველია.
ზიდანის ხელმძღვანელობით უფრო ძლიერნი გავხდით და მის გამო ბედნიერი ვარ. იგი მომწონდა, როგორც ფეხბურთელი და ახლა, როგორც მწვრთნელი. გამიხარდება თუ მადრიდში მომავალ სეზონშიც დარჩება”, - განაცხადა რონალდუმ.
“რეალისა” და “სიტის” განმეორებითი შეხვედრა 4 მაისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. შეგახსენებთ, ამ გუნდთა პირველი თამაში ერთი კვირის წინ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. რაც შეეხება თავად რონალდუს, მას ტრავმის გამო ბოლო სამი მატჩი (“რაიოსთან”, “სიტისთან” და “სოსიედადთან”) გაუცდა.