მიუნხენის "ბაიერნს" 25-ე საჩემპიონი ტიტული ერთი კვირით გადაედო. პეპ გვარდიოლას გუნდი "ვერცხლის სინს" დღეს გამარჯვების შემთხვევაში ინაღდებდა, მაგრამ მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმო და შინ ქულით ხელდამშვენებულიც დაბრუნდა. არადა, "რეკორდმაისტერმა" თამაში აქტიურად და კარგად დაიწყო - უკვე მე-6 წუთზე ანგარიში ტომას მიულერმა გახსნა, მაგრამ მერე მასპინლებმა უპირატესობა ვეღარ გაზარდეს და თამაშის ბოლოსკენ გოლიც გაუშვეს. შედეგად "ბაიერნმა" "გლადბახს" მიმდინარე სეზონში ვერც მეორე თამაში მოიგო (მოგეხსენებათ, პირველ წრეში "ბორუსიამ" 3:1 მოიგო). ანდრე შუბერტის გუნდმა კი თავის მხრივ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
"რეკორდმაისტერი" როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალისთვის ფიქრობს, რომელსაც გვარდიოლას გუნდი სამშაბათს, მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამართავს.
"ბაიერნი" მაინც ჩემპიონი ხდებოდა თუ პარალელურ მატჩში დორტმუნდის "ბორუსია" ვერ მოიგებდა. თუმცა, ტომას ტუხელის შეგირდებმა შარშანდე ვიცე-ჩემპიონ "ვოლფსბურგს" კუდით ქვა ასროლინეს და ძალზე ადვილად ირგუნეს სამი ქულა. ყველაფერი პირველ ათ წუთში გადაწყდა, როდესაც შინჯი კაგავამ და ადრიან რმაოსმა დაამწუხრეს სტუმრები მეორე ნახევარში "დორტმუნდმა" მეტოქის რბევა გააგრელა და კიდევ სამჯერ იხეირა (როისი და ობამეიანგი დუბლი). ერთადერთი რაც "მგლებმა" შეძლეს, ანდრე შურლეს პრესტიჟის გოლი გახლდათ. ახლა, "ბორუსია" "ბაიერნს" 5 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის მიზერული მაგრამ შანსი ისევ გააჩნია.
მნიშვნელოვანი თამაში მოიგო გელზენკირხენის "შალკემ", რომელმაც გასვლაზე უკვე გავარდნილ ჰანოვერს უპრობლემოდ მოუგო და ოთხეულში შესვლის შანსი დაიტოვა. ქვედა ზონაში კი, გამოსარჩევი ფრანკფურტის "აინტრახტისა" და "ჰოფენჰაიმის" საგარეო გამარჯვებებია.
"ბაიერნი" - "გლადბახი" 1:1 (1:0)
გოლები: 10 მიულერი (6), 1:1 ჰანი (72)
"დარმშტადტი" - "აინტრახტი" 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (12), 1:1 ჰასებე (56), 1:2 აიგნერი (83)
"დორტმუნდი" - "ვოლფსბურგი" 5:1 (2:0)
გოლები: 1:0 კაგავა (7), 2:0 რამოსი (9), 3:0 როისი (59), 4:0 ობამეიანგი (77), 5:0 ობამეიანგი (78), 5:1 შურლე (86)
"ჰანოვერი" - "შალკე" 1:3 (1:2)
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (11), 1:1 სობიეხი (20), 1:2 ჰუნტელაარი (45), 1:3 შოპფი (80)
"ჰოფენჰაიმი" - "ინგოშტადტი" 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 ლექსი (17), 1:1 უტი (37), 2:1 ამირი (80)
"მაინცი" - "ჰამბურგი" 0:0 (0:0)