სოჭის ოლიმპიურ ტრეკზე, პირველი თავისუფალი პრაქტიკის დროს, „რედ ბულმა“ პირველად გამოიყენა კოკპიტის დამცავი სტრუქტურის მისეული ვერსია, სახელწოდებით „აეროსქრინ“, რომელიც რადიკალურად განსხვავდება „ფერარის“ ანალოგიური დანიშნულების „ჰალოსგან“. მისი თავისებურება ისაა, რომ არის გამჭვირვალე და ავტომობილის საქარე შუშას ჰგავს.
„აეროსქრინის“ პირველი ტესტი დანიელ რიკიარდომ ჩაატარა. მან მხოლოდ ერთი წრე გაიარა, რის შემდგაც კმაყოფილი დარჩა. ამ ერთწრიან ტესტს კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა - პილოტს უნდა შეემოწმებინა, ზღუდავს თუ არა დამცავი სისტემა ხედვას.
„ფერარის“ სისტემას ერთი ცენტრალური საყრდენი აქვს, „რედ ბულის“ სისტემას კი - ორი, მაგრამ ისინი კოკპიტს ისე უერთდება, რომ პილოტს ხედვის არეს არ უზღუდავს. ამასთან, ეს ორი საყრდენი პრაქტიკულად ერთი რკალის ორი ბოლოა, რკალზე კი შუშის ზედა ნაწილია დამაგრებული და მას დამატებით სიმტკიცეს ანიჭებს. მათ კიდევ ერთი რამ განასხვავებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ესთეტიკური მხარე და ამ მხრივ, „რედ ბულის“ „აეროსქრინი“ აშკარად უკეთესი გადაწყვეტაა.
რიკიარდომ ტრასაზე გასვლის წინ განაცხადა, რომ ფ1-ში ღია კოკპიტების ერა დასრულდა, რაც უსაფრთხოების მოთხოვნებით არის განპირობებული. და ის ამის მომხრეა. ის თვლის, რომ თუ შემდგომი 20 წლის განმავლობაში, ასეთი სისტემა თუნდაც ერთ სიცოცხლეს გადაარჩენს, ესე იგი, ის საჭირო ყოფილა. ავსტრალიელი ასევე იხსენებს, რომ ავტომობილების გარეგნობა 2009 წლის შემდეგაც ძალიან შეიცვალა, მისი აზრით, ძალიან დამახინჯდა, მაგრამ მათ ყველა შეეჩვია. ასე იქნება კოკპიტის დამცავი სისტემის შემოღების შემდეგაც.







