ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბოგდან ტანიევიჩმა ეროვნული გუნდის 24-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოემზადება.
დიდი ალბათობით, ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში გარკვეული ცვლილებები შევა (ამაზე თავად ტანიევიჩმაც ისაუბრა), თუმცა, აქედანვე შეიძლება იქვას, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჩერნოგორიელთა ერთ-ერთი მეტოქეა, ურთულესი მატჩები ელის.
69 წლის ტანიევიჩს, რომელსაც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში იტალიურ “კასერტაში”, “ტრიესტეში” და “ბოლონიაში”, სლოვენიურ “ოლიმპიაში”, ფრანგულ “ლიმოჟში” და “ვილერბანში”, თურქულ “ფენერბაჰჩეში” და იტალიის და თურქეთის ნაკრებებში უმუშავია, შემადგენლობაში არაერთი ლეგიონერი ჰყავს.
ცხადია, მათ შორის NBA-ს წარმომადგენლები ნიკოლა პეკოვიჩი (მინესოტა) და ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო) უნდა გამოვარჩიოთ. დიდი ძალაა ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი ტაირის რაისიც, რომელიც ამჟამად რუსულ “ხიმკიში” ირიცხება.
მცირე ხნის წინ ამავე გუნდიდან ესპანურ “ბილბაოში” გადაბარგდა იმედისმომცემი ფორვარდი მარკო ტოდოროვიჩი. პირენეებზევე, “ვალენსიას” ღირსებას იცავს გამოცდილი ცენტრი ბოიან დუბლევიჩი, ხოლო მილკო ბიელიცა “დარუშაფაკაში” მანუჩარ მარკოიშვილის თანაგუნდელი და სტამბოლელთა ერთ-ერთი ლიდერია.
ყურადღებას იპყრობს მადრიდის “რეალის” 17 წლის და 2.02 სიმაღლის ფორვარდი დინო რადონჩიჩიც, რომელიც გერმანიის ქალაქ გისენშია დაბადებული და გერმანელთა გარდა, მას მოქალაქეობის მიღებას იტალიელები და სერბებიც სთავაზობდნენ, თუმცა, მან ჩერნოგორიას უერთგულა. დინოს მამა, რომელიც ასევე კალათბურთელია, ჩერნოგორიელია და ნათელია, რომ უმცროსმა რადონჩიჩმა მშობლის რჩევაც გაითვალისწინა.
ტანიევიჩმა გაფართოებული შემადგენლობა სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე დაასახელა და მას შესაბამისი განმარტებებიც მოაყოლა. პირველ რიგში, მან ნბა-ში მოთამაშე დუეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ნიკოლა პეკოვიჩი.
“პეკოვიჩს საკმაოდ ადრე დავეკონტაქტე და მისგან ეროვნულ გუნდში თამაშზე თანხმობა მივიღე. სამწუხაროდ, მალევე მან ტრავმა მიიღო და სეზონის ნაადრევად დასრულება მოუხდა. ჩვენი წინასწარი შეთანხმება ასეთია: ნიკოლა სრულად რეაბილიტაცაზე გადაერთვება და თუკი ფინალურ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ, იქ აუცილებლად დიდ დახმარებას გაგვიწევს. რაც შეეხება ვუჩევიჩს, მასთან პრობლემა არ უნდა იყოს. ნიკოლას არანაირი პირობა არ წამოუყენებია და წესით, კვალიფიკაციის დროს ნაკრებში იქნება”.
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია ჩერნოგორიელთა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის საკითხიც. “რაისთან ყველაფერი მარტივადაა. მას უკვე ვესაუბრე და გავიგე, რომ სანაკრებოდ ძალიან მოტივირებულია. ამდენად, ტაირისის შემცვლელზე არც მიფიქრია. იგივე სიტუაცია გვაქვს დუბლევიჩთან და ტოდორივიჩთან დაკავშირებითაც. ისინი სანაკრებო შეკრების დაწყებას მოუთმენლად ელიან”.
ჩერნოგორიელთა მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ნაკრები შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას 20 ივლისს სერბულ კურორტ ზლატიბორში დაიწყებს, სადაც ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: უნგრეთთან და შვეიცარიასთან. 18-20 აგვისტოს ჩერნოგორიელები მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს ეწვევიან და მასპინძელთა გარდა, კიდევ ერთ მეტოქეს გაეჯიბრებიან. ამ თამაშების კვალად, ტანიევიჩის გუნდი მზადებას მშობლიურ პოდგორიცაში გააგრძელებს, 27 აგვისტოს კი სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას ეწვევა და მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ჩერნოგორიელებს საკვალიფიკაციო ციკლში თამაში F ჯგუფში მოუწევთ, სადაც საქართველოს გარდა, მეტოქეებად სლოვაკეთი და ალბანეთიც ეყოლებათ. ტანიევიჩის ბიჭები ტურნირს 31 აგვისტოს სლოვაკეთთან შეხვედრით გახსნიან, მე-2 ტურში, 3 სექტემბერს კი თბილისში სტუმრობა ელით. ქართველ კალათბურთელებს უმთავრეს კონკურენტთან გასვლითი შეხვედრა 17 სექტემბერს ელით და უკვე ცნობილია, რომ ეს ჯახი ზღვისპირა ქალაქ ბარში შედგება.
ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
მცველები: ნიკოლა ივანოვიჩი, პეტარ პოპოვიჩი (ორივე – მეგა ლეკსი, სერბეთი), ნიკოლა პავლიჩევიჩი (ოლიმპია, სლოვენია), ტაირის რაისი (ხიმკი, რუსეთი), ნემანია ვრანიეში, სუად სეჰოვიჩი, სეად სეჰოვიჩი (ყველა – ბუდუჩნოსტი), ვლადიმირ მიჰაილოვიჩი (ტუბინგენი, გერმანია), დინო რადონჩიჩი (რეალი, ესპანეთი).
ფორვარდები: ნემანია დურიშიჩი (ზიელონა გორა, პოლონეთი), ემირ ჰაჯიბეგოვიჩი (მორნარი), ალეკსა ილიჩი (ბუდუჩნოსტი), ბლაგოტა სეკულიჩი (ტენერიფე, ესპანეთი), მილკო ბიელიცა (დარუშაფაკა, თურქეთი), ნემანია რადოვიჩი (მურსია, ესპანეთი), ვლადიმირ დაშიჩი (უგუნდოდ), დანილო ნიკოლიჩი (მეგა ლეკსი, სერბეთი), ივან მარაში (ცმოკი-მინსკი, ბელარუსი).
ცენტრები: ნიკოლა პეკოვიჩი (მინესოტა, NBA), ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო, NBA), ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), მარკო ტოდოროვიჩი (ბილბაო, ესპანეთი), ზორან ნიკოლიჩი (პრატი, ესპანეთი), ვასილიე ბაჩოვიჩი (ბუდუჩნოსტი).
მწვრთნელი: ბოგდან ტანიევიჩი.