ფეხბურთი

11:24 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის “ლესტერი” არსებობს

“ვერონა” 1984 წელს, “კაიზერსლაუტერნი” 1998 წელს, “ატლეტიკო” 2014 წელს, - ეს გუნდები თავიანთ ქვეყნებში ჩემპიონები გახდნენ მაშინ, როცა ამას თითქმის არავინ ელოდა. დიახ, გარკვეულწილად ეს ფურორები იყო, მაგრამ ვისთვის როგორ და არ მახსენდება მსგავსი ფურორი, რასაც “ლესტერი” ახდენს და ფაქტობრივად, მოახდინა – რაღა დარჩა?!

გულშემატკივრები ფეხბურთზე კამათში რომ ჩაერთვებიან, იქ “ლესტერი” ყველაზე მოდური თემა ხდება.

აქ ერთ ფაქტორს უნდა გავუსვათ ხაზი: კარგა ხანია ჩატყდა ხიდი მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ბოლო წლებში კი ევროპული საკლუბო ფეხბურთი კიდევ უფრო შეიცვალა, მდიდრები ძალიან შორს წავიდნენ და ფაქტობრივად, ესპანური გრანდებისა და “ბაიერნის” გარდა, მათი შემჩერებელი იშვიათად თუ ვინმე გამოჩნდება-ხოლმე. არ ვგულისხმობთ დრო და დრო გამონათებებს.

ვფიქრობთ, ამ მარკეტინგულ ეპოქაში “ლესტერის” გაჩემპიონება ძალიან კარგია. ამ კლუბმა აჩვენა, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. დაამტკიცა, რომ 400 ათასად ნაყიდი ფეხბურთელი უფრო შეიძლება გამოგადგეს, ვიდრე 49 მილიონიანი. აქეთ მაჰრეზი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, იქით სტერლინგი კი სეზონის იმედგაცრუება.

ვფიქრობთ, ის, რასაც “ლესტერი” აკეთებს (რაც გააკეთა), მშვენიერი მაგალითია საშუალო დონის ქვეყნების კლუბებისთვისაც. და არა მარტო კლუბებისთვის, ნაკრებებისთვისაც. ამას იმიტომ ვწერთ, რომ სულ წუწუნი გვესმის, ჩვენ არაფერი გვეშველება, “სტადიონები დავანგრიოთ და ხახვი დავთესოთ” და ასე შემდეგ. ვითომ, რა გამოვა ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულებით?

არა მარტო “ლესტერი”, წლეულს რუსეთშიც სასწაული ხდება და ლიდერობს კლუბი, რომელიც წინა წლებში სულ გავარდნა-დარჩენის ზღვარზე იყო. გასულ ტურში როსტოველებმა 3:0 გაანადგურეს არანორმალური ბიუჯეტის მქონე “ზენიტი”.

საქართველოში კი ხშირად გვსმენია, როგორ უნდა გავაგდოთ ყაზახური, ან აზერბაიჯანული კლუბები, ვერ ხედავთ, რამხელა ბიუჯეტი აქვთო. გასაგებია, ფული ბევრს ნიშნავს, მაგრამ არა – ყველაფერს. “ლესტრი” ის შემთხვევაა, როცა წესრიგი, აწყობილი თამაში და მიზანდასახულობა სჯობნის სქელ ჯიბეს. ჩვენც ნუ გადავეშვებით ასეთ წუწუნში, ყველა მატჩს ფინალივით მივუდგეთ.

0.146824