ფეხბურთი

10:23 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “შანსი თანაბარია”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ (0:0) თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ერთი გოლი გაეტანათ, მაგრამ არც ფრეა ცუდი შედეგიო.

ამასთან, ზინედინმა ქარიმ ბენზემასა და კრიშტიანუ რონალდუს ტრავმების შესახებაც ისაუბრა და თავის ყოფილ კლუბ, ტურინის “იუვენტუსს” სკუდეტოს მოგება მიულოცა.

“ძალიან რთული თამაში იყო. ჩვენ ბევრი რამ გავიღეთ და ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვდი. მთლიანობაში კარგი თამაში ვაჩვენეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რომელიც მთლიანად ჩვენი გახლდათ. შანსი გვქონდა და უმჯობესი იქნებოდა ერთი გოლი მაინც გაგვეტანა.

საპასუხო მატჩში შანსი თანაბარია. ახლა კი მთავარია დავისვენოთ. რონალდუს შემთხვევაში რისკზე არ წავედით. იმედია, მადრიდში ჩვენთან ერთად იქნება და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. რაც შეეხება ბენზემას, სამწუხაროა – მას თამაშის გაგრძელება სურდა, მაგრამ არ შეეძლო. ვნახოთ, მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში.

ჩემთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ისეთი ფეხბურთელები ვერ თამაშობენ, როგორებიც კრიშტიანუ და ქარიმი არიან. ვფიქრობ, სხვებმა კარგად ითამაშეს და ეს გუნდური მენტალიტეტის დამსახურებაა.

ბედნიერი ვარ, რომ “იუვენტუსმა” სკუდეტო მოიგო. იგი ყოველთვის ჩემს გულშია – ფორცა “იუვე”! მორატა დაბრუნდება თუ არა მადრიდში? – არ ვიცი, ვნახოთ”, - უთხრა ზიდანმა მატჩის შემდეგ იტალიელ ჟურნალისტებს.

“რეალისა” და “სიტის” საპასუხო თამაში ზუსტად ერთ კვირაში, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.

0.119337