ფეხბურთი

10:00 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” VS “ბაიერნი” – ორი გუნდი, ერთი მიზნით

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ნახევარფინალური მატჩია – მადრიდში, ადგილობრივი “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნს” დაუხვდება. ორივე გუნდის მიზანი ერთნაირია: ფინალში გასვლა.

“ატლეტიკოცა” და “ბაიერნიც” აღნიშნულ მატჩს კარგ განწყობაზე და ფორმაში ხვდებიან. ესპანელებს უკვე ხუთი თამაში მიჯრით დაუგროვდათ მოგებების და გოლი 442 წუთია არ გაუშვიათ. თავის მხრივ “ბაიერნს” ბოლო 11 მატჩიდან 9 მოგებული აქვს და ორჯერ ფრეს დასჯერდა. ორივე გუნდის საქმეები კარგად მიდის შიდა ჩემპიონატებშიც – “ბაიერნი” “ვერცხლის სინს” დიდი ალბათობით დამდეგ უიქ-ენდზე ოფიციალურად გაიფორმებს, ხოლო “როხიბლანკოს” მდოგმარეობა მთლად ასეთი სახარბიელო ვერაა, მაგრამ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის გააფთრებით იბრძვის, თუმცა ორი კონკურენტი ჰყავს – “ბარსელონა” და “რეალი”.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ და დიეგო სიმეონემ ერთმანეთი აქეს და კომპლიმენტები უძღვნეს, თუმცა არ დაუმალავთ, რომ მათი მიზანი ერთადერთია – შემდეგ ეტაპზე გასვლა.

დღევანდელ მატჩს “ატლეტიკო” სერიოზული დანაკლისით ხვდება. ერთი კვირის წინ ტრავმა მიიღო მადრიდელთა წამყვანმა მცველმა დიეგო გოდინმა, რის გამოც დღეს მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს. სავარაუდოდ, ურუგვაელს სერბი სტევან სავიჩი შეცვლის, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აკლია. მოკლედ, ამ მხრივ სიმეონეს თავსატეხი ნამდვილად აქვს. მის გარდა, ესპანურ გრანდს პორტუგალიელი ტიაგო მენდეში დააკლდება, თუმცა ლუზიტანელი შეუახაზელი უკვე კარგა ხანია უქმობს.

თავის მხრივ, დანაკლისი აქვს გვარდიოლასაც, თანაც როგორი: ისევ არ იქნება არიენ რობენი, რომელიც ლაზარეთში 13 მარტის მერეა. ასევე არ იქნება მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი, ხოლო ჟერომ ბოატენგმა ვარჯიში განაახლა და მადრიდშიც გუნდთან ერთადაა, თუმცა, როგორც გვარდიოლამ თქვა, მისი თამაში მაინც საეჭვოა.

აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკო” და “ბაიერნი” ერთმანეთს ბოლოს შორეულ 1974 წელს დაუპირისპირდნენ, ჩემპიონთა თასის ფინალში და თუ რა მოხდა, მაშინ, უფრო ვრცლად ქვემოთ წაიკითხავთ.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობთ – მოგებაზე. ველოდები რთულ თამაშს მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია შეტევაში და ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც თამაშის სურათის შეცვლა შეუძლია. თამაშის სადავეები ხელში უნდა გვქონდეს და ის არ უნდა დავკარგოთ.

არ იგებს ის, ვისაც მეტი ჯარისკაცი ჰყავს, მაგრამ იმარჯვებს ის ვინც უკეთესია. ფეხბურთში და ცხოვრებაში შურისძიება არ არსებობს, თუმცა არსებობს ახალი შანსი. იმისათვის, რომ ტიტული მოიგო, თამაშები უნდა მოიგო – ჩვენც ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით. მინდა, ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს, მეტი არაფერი”.

პეპ გვარდიოლა (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “ბედნიერები ვართ ნახევარფინალში ყოფნით. ვიცით, ყველა გუნდთან თამაში რთულია და სპორტსემენებიც არ არიან გამონაკლისები. შეიძლება პარალელი გავავლოთ “რეალთან” და “ბარსელონასთან”, მაგრამ როდესაც ევროპის დიდი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, პროგნოზის გაკეთება რთულია. დიეგო სიმეონე ძალიან კარგად მუშაობს, ეს დიდი თამაში იქნება და ჩვენ ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

ჟერომ ბოატენგი აქ, ჩვენთან ერთადაა. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა დღეს. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, აქვს გამოცდილება, განსაკუთრებით, ისეთ მატჩებში, როგორიც დღესაა. “ატლეტიკოს” წინააღმდეგ 5 წელია არ მითამაშია, მაგრამ მათ თამაშებს ვნახულობ და დაცვაში ძალიან ძლიერები არიან. თუმცა, მხოლოდ ეს პლიუსი არ აქვთ – სტრატეგიაც შესანიშნავი გააჩნიათ. ესპანეთში ტიტულისთვის უკვე ოთხი წელია იბრძვიან გამუდმებით და ევროპაშიც ძალიან კარგად გამოდიან.

ჩვენთვის ეს ზედიზედ მესამე ნახევარფინალია, მაგრამ მე მინდა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ამ შემთხვევაში იქნება ჩემი მიუნხენში მუშაობა სრულყოფილი. გერმანიაში ცხოვრებით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე”.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საული, აუგუსტო ფერნანდესი; გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი; ალონსო, ვიდალი; დუგლას კოშტა, მიულერი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

პრეცედენტი

ეს ორი გუნდი აქამდე ერთმანეთს ერთადერთხელ (ან გნებავთ ორჯერ) შეხვდნენ. 1974 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში 120 წუთი ყაიმით დასრულდა და გადათამაშება გერმანულმა გრანდმა 4:0 მოიგო. 1974 წლის 15 მაისს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბაიერნი”: მაიერი, ჰანსენი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, ბრაიტნერი, როტი, ზობელი, კაპელმანი, ტორსტენსონი (დურნბერგერი 75), მიულერი, ჰიონესი

“ატლეტიკო”: რეინა, მელო, ჰერედია, ეუსებიო, კაპონი, ადელარდო, არაგონესი, სალსედო (ალბერტო 85), უფარტე (ბეკერა 60), ირურეტა, გარატე

ორი დღის მერე გამართულ გადათამაშებაში კი მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გავიდნენ:

“ბაიერნი”: მაიერი, ჰანსენი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, ბრაიტნერი, როტი, ზობელი, კაპელმანი, ტორსტენსონი, მიულერი, ჰიონესი

“ატლეტიკო”: რეინა, მელო, ჰერედია, ეუსებიო, კაპონი, ადელარდო (ბენეგასი 59), არაგონესი, სალსედო, გარატე, ალბერტო (უფარტე 65), ბეკერა

სხვადსხვა

“ატლეტიკო”

მადრიდული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში მეხუთედაა. ორი წლის წინ მათ “ჩელსის” აჯობეს (3:1). წინა ოთხი შემთხვევიდან ესპანელები ფინალში ორჯერ გავიდნენ.

“ატლეტიკოს” ნახევარფინალში “ვისენტე კალდერონზე” არასდროს წაუგია – 3 მოგება, 1 ფრე.

იმავე მოედანზე “როხიბლანკო” დაუმარცხებელია გერმანულ გუნდებთანაც – 4 მოგება, 1 ფრე.

გერმანულ გუნდებთან ბოლო 7 მატჩიდან “ატლეტიკომ” ერთხელ წააგო. სახლში ბაალნსია ასეთია: 16 თამაში, 11 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. ხოლო მთლიანობაში ალემანებთან “თეთრ-წითლები” ასე თამაშობენ: 34 მატჩი, 16 მოგება, 6 ფრე, 12 წაგება.

ბოლო გერმანული გუნდი, რომელიც “ვისენტე კალდერონს” სტუმრობდა “ლევერკუზენი” იყო 2015 წელს და 0:1 დამარცხდა. მაშინ სიმეონეს გუნდი მეოთხედფინალში პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით გავიდა.

მთლიანად ევროტურნირებს თუ ავიღებთ, “ატლეტიკო” ნახევარფინალში გერმანულ გუნდს მეხუთედ ხვდება. წინა ოთხი შემთხვევიდან ესპანელები ფინალში სამჯერ გავიდნენ. მთლიანობაში პლეი-ოფში “ატლეტიკოსა” და ალემანური გუნდების გზები 14-ჯერ გადაიკვეთა და “როხიბლანკო” დამარცხებული ოდენ 4 შემთხვევაში გამოვიდა.

“ატლეტიკომ” მიმდინარე სეზონში ლიგაზე “ბენფიკასთან” წააგო (1:2), მაგრამ შინ ბოლო 29 თამაშიდან 24 მოგებული აქვს.

დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის ნახერფინალში ბოლო სამ წელიწადში მეორედაა.

იან ობლაკმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩში კარი მშრალად შეინახა და ტიბო კურტუას რეკორდი დაამხო – ბელგიელს ორჯერ (2012/13 და 2013/14) 20 თამაშში არ გაეშვა გოლი.

“ბაიერნი”

“ბაიერნს” ესპანეთში ბოლო ორი ნახევარფინალი წაგებული აქვს – 2014 წელს “რეალთან” (0:1) და შარშან “ბარსელონასთან” (0:3).

ესპანურ გუნდებთან გასვლაზე “რეკორდმაისტერმა” ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო. მთლიანობაში პირინეის ნახევარკუნძულზე ასე თამაშობს: 23 მატჩი, 6 მოგება, 5 ფრე, 12 წაგება. ჯამში კი – 49 მატჩი, 23 მოგება, 12 ფრე, 14 წაგება.

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი საგრეო მატჩი “ბაიერნმა” ფრედ დაასრულა – “იუვენტუსთან” და “ბენფიკასთან” (ორივე 2:2).

საერთოდ, გვარდიოლას გუნდს ლიგაზე ბოლო ცხრა გასვლითი შევხედრიდან ორი აქვს მოგებული, 4 კი წაგებული.

“ბაიერნი” ნახევარფინალში მეთვრამეტედაა. წინა 17 შემთხვევიდან მიუნხენური გიგანტი ფინალში 10 ჯერ გავიდა, ხოლო შვიდჯერ – ვერ.

ესპანური გუნდების წინააღმდეგ კი ნახევარფინალში 10-ჯერ უთამაშია და უპირატესობას ფლობს: 7 მოგება, 3 წაგება. ეს ორმატჩიანი ანგარიშიდან გამომდინარე, ხოლო უშუალოდ მატჩებს რაც შეეხება, 9 მოგება, 8 წაგება.

ფეხბურთელები და მწვრთნელები:

სიმეონე და გვარდიოლა ფეხბურთელობისას ერთმანეთს ბევრჯერ შეხვედრილან. კერძოდ, 10-ჯერ. სიმეონემ სამჯერ იმარჯვა, გვარდიოლამ ოთხჯერ. არგენტინელის “ატლეტიკომ” პეპის “ბარსა” 1996 წელს სამეფო თასის ფინალშიც დაამრცხა (1:0). ამასთან, დიეგოს არგენიტნის ნაკრებმა გვარდიოლას ესპანეთს ამხანაგრუი მატჩი მოუგო 1999 წლის 17 ნოემბერს.

მწვრთნელობისას კი აქამდე ერთადერთხელ მოუწიათ დაპირისპირება: 2013 წლის 12 მაისს და გვარდიოლას “ბარსელონამ” 2:1 მოიგო.

პეპი ფეხბურთელობისას “ატლეტიკოს” 22-ჯერ შეხვდა და ერთი გოლიც გაუტანა (13 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება). ხოლო მწვრთნელის რანგში 10-დან რვაჯერ მოუგო.

არტურო ვიდალის “იუვენტუსმა” “ატლეტიკოსთან” შარშან ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად წააგო (0:1).

სტატისტიკა

“ატლეტიკო”

მადრიდელებს ფერნანდო ტორესი დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდებათ.

“როხიბლანკოს” უკვე ხუთი მატჩია გოლი არ გაუშვია.

“მალაგასთან” თამაშამდე ტორესმა მიჯრით ხუთ თამაშში მოახერხა გატანა.

დიეგო გოდინი “ბილბაოსთან” მატჩში დაშავდა და ოთხი დღის წინ “მალაგასთან” არ უთამაშია.

ანტუან გრიზმანს წელს უკვე 29 გოლი აქვს გატანილი ყველა ტურნირის ჩათვლით.

“ბაიერნი”

“ბაიერნს” ბოლო 10 თამაშიდან 9 მოგებული აქვს.

რობერტ ლევანდოვსკის 16 აპრილის მერე გოლი არ გაუტანია. ბოლოს მან “შალკეს” დაამწუხრა. ისე კი, 53 თამაშში მიმდინარე სეზონში 36-ჯერ გაიტანა.

ტომას მიულერმა “ვერდერთან” “ბაიერნის” მაისურით 150-ე გოლი გაიტანა (ოფიციალურ მატჩებში).

20 აპრილს, მიუნხელებმა მანუელ ნოიერს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს.

არიენ რობენს 13 მარტის შემდეგ აღარ უთამაშია.

ჟერომ ბოატენგმა კი ბოლოს 22 იანავრს ითამაშა, თუმცა იგი ვარჯიშს დაუბრუნდა.

0.259176